უკრაინის კრიზისის გადასაჭრელად აშშ-ს შეთავაზებებს რუსეთმა წერილობითი პასუხი გასცა. ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ამერიკულ გამოცემას დაუდასტურეს.
"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მივიღეთ წერილობითი პასუხი რუსეთისგან. არაპროდუქტიული იქნება მოლაპარაკებების საჯაროდ გამართვა, ამიტომ რუსეთის გადასაწყვეტია, თუ უნდა საკუთარი პასუხის განხილვა. ამ საკითხების გადასაჭრელად ჩვენ კვლავ ვრჩებით დიალოგის ერთგული და გავაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან." – ციტირებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს The Washington Post-ი.
უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობის ფონზე აშშ-მ, NATO-მ და რუსეთმა მოლაპარაკებები დაიწყეს. იანვრის პირველ ნახევარში მოლაპარაკებები ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა. რუსეთი დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-მ წერილობითი პასუხი მოსკოვს 26 იანვარს გასცა. როგორც დოკუმენტის გადაცემის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, NATO-ს ღია კარის პოლიტიკა უცვლელი რჩება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნებზე აშშ-ს მიერ წერილობით გაცემულ პასუხში არ არის დადებითი რეაქცია NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერების შესახებ.
რუსეთის მიერ NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებისა და 1997 წლის პოზიციებზე დაბრუნების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა აღმოსავლეთ ევროპაში ძალების გაზრდა გადაწყვიტა.
2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს.
მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა დაცენტრალურ აზიაში.
პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.
ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.





