ალექსეი ნავალნი

რუსეთმა ნავალნი ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან დაკავშირებული პირების სიაში შეიყვანა

ალექსეი ნავალნი
CNN

რუსეთის ხელისუფლებამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი და მისი თანამოაზრეები, ლიუბოვ სობოლი, გეორგი ალბუროვი, რუსლან შავედინოვი და ვიაჩესლავ გიმადი ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პირთა სიაში შეიყვანა. ინფორმაციას თავად ლიუბოვ სობოლი ავრცელებს.

"მე, ნავალნი და ჩვენი კოლეგები ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პირთა სახელმწიფო სიაში შეგვიყვანეს. მონაწილეობდა არჩევნებში და ებრძოდა კორუფციას? – ექსტრემისტია.

შესაძლოა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერისტეტის (МГУ) იურიდიული ფაკულტეტის პირველი, წითელდიპლომიანი კურსდამთავრებული ვიყო, რომელიც ამ სიაში მოხვდა". - წერს სობოლი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა 2 კვირის წინ, ამავე სიაში ნავალნის სხვა თანამოაზრეები, ლეონიდ ვოლკოვი და ივან ჟდანოვიც შეიყვანა.

2021 წლის სექტემბერში საგამოძიებო კომიტეტმა ალექსეი ნავალნის და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ ექსტრემისტული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ოქტომბერში ეს საქმე გააერთიანეს ნავალნის წინააღმდეგ აღძრულ კიდევ 4 საქმესთან.

გაზაფუხლზე ალექსეი ნავალნის რეგიონური ოფისები დაიშალა. 30 აპრილს ნავალნის რეგიონული ოფისების ქსელი "ტერორიზმსა და ექსტრემიზმში" ჩართულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა.


2020 წლის 20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ის ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღეს შემდეგ ის გერმანიაში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს, სადაც მას ქოლინესტერაზას ინჰიბიტორით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს. სხვადასხვა დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ტოქსინი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტია.

რუსი ოპოზიციონერი თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გავლის შემდეგ ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. პოლიტიკოსი ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს.

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

კომენტარები