დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

მხარს ვუჭერთ უკრაინელების ბრძოლას თავისუფლებისთვის – ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის

საპარლამენტო ფრაქცია ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის უკრაინის მხარდასაჭერ წერილს აქვეყნებს. პრესსამსახურის ცნობით, ხვალ, 24 იანვარს ლელოს წევრები, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია, ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი უკრაინის ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს შეხვდებიან. –

საპარლამენტო ფრაქცია ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის სახელით, გვსურს ამ რთულ დროს დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა უკაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას თავის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და მკაცრად ვგმობთ მის წინააღმდეგ წარსულში თუ აწმყოში განხორციელებული აგრესიის ყველა აქტს.  ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელი ხალხის ისტორიულ ბრძოლას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის და თქვენს გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებას მყარად დაიმკვიდროთ უკრაინის კუთვნილი ადგილი ერთიან და თავისუფალ ევროპაში. 

რუსეთი საფრთხის ქვეშ აყენებს არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, თვით სუვერენულობის იდეასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. მათ შორისაა ყველა ერის სუვერენული უფლება, თავისუფლად აირჩიოს საერთაშორისო ალიანსები. მოახლებული საფრთხე არამარტო უკრაინისკენ მოემართება, არამედ რუსეთის ფედერაციის სამეზობლოში მდებარე ყველა თავისუფალ სახელმწიფოსა და სრულიად აღმოსავლეთ ევროპას აყენებს რისკის ქვეშ. 

ვუყურებთ რა თავისუფლების მოყვარე უკრაინელი და ქართველი ხალხის გეოპოლიტიკურ დასჯას მათ მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატების გამო, ეს რთული დრო ჩვენგან ერთობასა და ხასიათის სიმტკიცეს მოითხოვს. თუმცა, სირთულეები მხოლოდ აძლიერებს ამ ისტორიულ გზაზე წარმარტების მიღწევის ჟინს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი ერები ეწევიან საერთო ბრძოლას ეროვნული სუვერნულობისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ არ დაგვავიწყდება უკრაინელი ხალხის მიერ გამოხატული ურყევი მხარდაჭერა 2008 წელს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესიის დროს, ისევე როგორც 1990-იან წლებში აფხაზეთში მიმდინარე ომისას. ჩვენც მუდამ ვუჭერდით მხარს თქვენს სწრაფვას თავისუფლებისკენ და მომავალშიც ასე განვაგრძობთ. 

ჩვენ, ლელოს ლიდერები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ უკრაინასა და საქართველოს შორის ორმხრივი კავშირებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სამხედრო მიმართულებებით. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ  საქართველოს გაზრდილ ჩართულობას ასოცირებული ტრიოს არსებულ ფორმატში ევროკავშირთან, ისევე როგორც სხვა რელევანტურ ფორმატებში და მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ ჩვენმა ორმა სახელმწიფომ გაიღოს საერთო ძალისხმევა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის მისწრაფების გასაძლიერებლად. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო სპიკერო, გთხოვთ, მიიღეთ ჩვენი გულითადი კეთილი სურვილები  უკრაინისა და მისი ხალხისადმი ამ ძნელბედობის ჟამს. 

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები