აშშ-რუსეთი

რიაბკოვი: აშშ-ს ალტერნატივაა, უკრაინისა და სხვა ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებას ხმა არ მისცეს

სერგეი რიაბკოვი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის თქმით, აშშ-სთვის 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უკან წაღების ალტერნატივა იქნება ის, თუ ვაშინგტონი აიღებს იურიდიულ ვალდებულებას, რომ უკრაინისა და სხვა ქვეყნების NATO-ში შესვლას ხმას არ მისცემს.

"2008 წლის ბუქარესტის სამიტის ცნობილი ფორმულა, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან, გამორიცხული უნდა იყოს, უნდა ჩანაცვლდეს გაგებით, რომ ეს არასდროს მოხდება. ან, ალტერნატივის სახით, თუ აშშ საკუთარ თავზე აიღებს ცალმხრივ ვალდებულებას, სამართლებრივი ვალდებულების ფორმით, რომ ისინი უკრაინისა და სხვა ქვეყნების NATO-შ გაწევრიანებას ხმას არასდროს მისცემენ, ჩვენ მზად ვართ ამ შესაძლებლობის განხილვისთვის", – თქვა რიაბკოვმა. 

"და მე ვიტყოდი, რომ ეს აშშ-სთვის უფრო მარტივი გზა იქნებოდა, თუ, რა თქმა უნდა, აშშ-ს საკმარისი პოლიტიკური ნება გააჩნია, რათა გადახედოს რაა მათთვის პრიორიტეტული: ევროპული უსაფრთხოება თუ რაღაც თავისთავად არასწორი იდეები", – დაამატა რიაბკოვმა.

აქამდე, გასულ დღეებში რიაბკოვმა დასავლეთთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ცვლილება სურდა.

"ხაზს ვუსვამთ,ჩვენთვის სრულად აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არასდროს გახდება. ჩვენ გვსურს, რომ მადრიდის სამიტზე NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებული ფორმულა უკან იქნას წაღებული და შეიცვალოს როგორც: "უკრაინა და საქართველო არასდროს გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები"", – თქვა რიაბკოვმა.


2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

აშშ-ს ინფორმაციით, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში შესაძლოა გეგმავდეს პროვოკაციას, საკუთარი ძალების წინააღმდეგვე, რასაც შემდეგში უკრაინასთან ომის საბაბად გამოიყენებს.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები