ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორი: ოცნების 13 მილიონერი დეპუტატიდან 4-ს 2021 წელს მიკროფონიც არ ჩაურთავს

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ქართული ოცნებიდან პარლამენტში 13 მილიონერი დეპუტატია და 2021 წელს 4 მათგანს სხდომებზე მიკროფონი საერთოდ არ ჩაურთავს, ორმა 2-ჯერ, ხოლო ერთმა 3-ჯერ ჩართო.

ფლანგვის დეტექტორის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მილიონერი პარლამენტარები აქტიურობით არ გამოირჩევიან და მათი მიკროფონით სარგებლობის მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

  • ვასილ ჩიგოგიძე – 0
  • ირაკლი ხახუბია – 0
  • ვიქტორ ჯაფარიძე – 0
  • ელგუჯა გოცირიძე – 0
  • ისკო დასენი – 2
  • გოჩა ენუქიძე – 2
  • ზაალ დუგლაძე – 3
  • პაატა კვიჟინაძე – 7
  • ანტონ ობოლაშვილი – 8
  •  გიორგი ამილახვარი – 16 
  • თამარ ტალიაშვილი – 26
  • ბექა ოდიშარია – 27
  • ნინო წილოსანი – 116

ორგანიზაციის ცნობით, მმართველი პარტიის პარლამენტართა სია, რომლებსაც წლის მანძილზე ერთხელაც კი არ ჩაურთავთ მიკროფონი შემდეგნაირად გამოიყურება: ელგუჯა გოცირიძე, ედიშერ თოლორაია, სუმბატ კიურეღიანი, სამველ მანუკიანი, ზაალ მიქელაძე, დიმიტრი სამხარაძე, ლევან ქარუმიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე.

"მდუმარე დეპუტატები შეგვიძლია ვუწოდოთ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც წლის მანძილზე ხმა მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ამოიღეს, ამ სიაში კი 8 დეპუტატი მოხვდა: სავალან მირზოევი, ალექსანდრე ტაბატაძე, ზაურ დარგალი, ისკო დასენი, გოჩა ენუქიძე, ლევან კობიაშვილი, რესან კონცელიძე, გოგი მეშველიანი". – ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020-2022 წლებში პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების დასაფინანსებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან ჯამში  186,754,900 ლარი გამოიყო. ბოლო სამი წელია წლებში პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება, ისევე როგორც შრომის ანაზრაურებაზე დახარჯული თანხების მოცულობა მუდმივად იზრდება. 2020-2022 წლების განმავლობაში 1131-დან 1882 ადამიანამდე იყო დასაქმებული, ხოლო მათი შრომის ასანაზღაურებლად ბიუჯეტიდან ჯამში 99,337,800 ლარი დაიხარჯა, რაც სამი წლის განმავლობაში სრული დაფინანსების 53% შეადგენს. რაც შეეხება უშუალოდ პარლამენტის წევრის ყოველთვიური ფიქსირებული შრომის ანაზღაურებას, ის 4624 ლარიდან 6740 ლარამდე მერყეობს. შრომის ანაზღაურება იცვლება პარლამენტის წევრის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.

"2021 წელს განვითარებული მოვლენების გამო, მათ შორის, პანდემია, ინფლაცია, სასამართლო რეფორმა და მოსამართლეთა დანიშვნები, აქციები და ძალადობრივი შემთხვევები, ცხადია პარლამენტის წევრებს ბევრი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი ჰქონდათ თავიანთი აზრის დასაფიქსირებლად. ამასთანავე 2021 წელს გაიმართა 62 პლენარული სხდომა. პარლამენტმა 338 კანონი მიიღო სამივე მოსმენით, პირველი მოსმენით განიხილა 63 კანონის პროექტი, ხოლო მეორე მოსმენით − 8 კანონის პროექტი. 

თუმცა მიუხედავად განსახილველი საკითხების მრავალფეროვნებისა და რაოდენობისა, მონაცემები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატებიდან საკუთარი მოსაზრება 10-ზე ნაკლებჯერ გამოხატა 45%, მათ შორის 12% მოსაზრება ერთხელაც არ დაუფიქსირებია". – ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში.

კომენტარები