ენერგეტიკა

2021 წელს საქართველომ რეკორდული, 13.8 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა

 FT Montage/Dreamstime

საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 13.8 მლრდ კვტ.სთ შეადგინა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. გასულ წელს მომხმარებელზე მიწოდებული ელექტროენერგია 2020 წლის მაჩვენებელზე 13%-ით მეტია.

რეკორდული იყო გამომუშავების მაჩვენებელიც - 2021-ში ქვეყანაში 12.6 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია იწარმოა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13.3%-ით მეტია. უდიდესი წილი - 80.5% გამომუშავებაში ჰიდროელექტროსადგურებს ჰქონდა, 18.8% თბოსადგურებმა გამოიმუშავა, ხოლო დანარჩენი 0.7% ქართლის ქარის სადგურის მეშვეობით გამომუშავდა.

2021 წელს დეფიციტის შესავსებად საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი 3 ქვეყნიდან - რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან დასჭირდა და იმპორტმა სულ 2 მლრდ კვტ.სთ შეადგინა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია და 2020 წელს იმპორტირებულ ელექტროენერგიას 24.6%-ით აღემატება.

ყველაზე მეტი ელექტროენერგია საქართველომ გასულ წელს რუსეთისგან იყიდა - 1.2 მლრდ კვტ.სთ. სხვა წლებში ამდენი ელექტროენერგია საქართველოს რუსეთისგან არასდროს უყიდია, თუმცა, უნდა ითქვას, რომ რუსეთისგან შესყიდული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი - 992.7 მლნ კვტ.სთ აფხაზეთის მზარდი მოხმარების დაკმაყოფილებას დასჭირდა. 

იმპორტირებული ელექტროენერგიის უდიდესი წილი წლის პირველ 4 თვეზე მოდის, რაც რეაბილიტაციის მიზნით ენგურჰესის 3 თვით გაჩერებას უკავშირდება. ენგურჰესი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისთვის გამომუშავების მთავარი წყაროა. ენგურჰესი და ვარდნილჰესი საქართველოს ჯამური ჰიდროგამომუშავების დაახლოებით 40% ქმნის.

დანარჩენი 2 ქვეყნიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან საქართველომ, შესაბამისად, 600 მლნ კვტ.სთ და 161 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა.

საქსტატის თანახმად, 2021 წლის 11 თვეში საქართველომ ელექტროენერგის იმპორტში 41.8 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველომ გასულ წელს 391 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაყიდა, რაც, მართალია 2020 წლის მაჩვენებელს 154%-ით აღემატება, თუმცა 2020-ში საქართველომ 2007 წლის შემდეგ ყველაზე ცოტა ელექტროენერგია გაყიდა და პროცენტული მატებაც ამის ხარჯზეა. ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 2021 წლის 11 თვეში 15 მლნ აშშ დოლარამდე შეადგინა.

კომენტარები