კანიე უესტი

კანიე უესტი პუტინთან შეხვედრას და რუსეთში კონცერტის ჩატარებას გეგმავს

Ye [კანიე უესტი] ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას, რუსეთში მუსიკალური პროექტის - Sunday Service-ის ფარგლებში კონცერტის ჩატარებასა და რუსეთში ბიზნეს საქმიანობის წამოწყებას აპირებს - ამის შესახებ გამოცემა Billboard-ს ჰიპ-ჰოპ არტისტის წარმომადგენელი და მრჩეველი, ამირ სუდანი ესაუბრა.

მისივე თქმით, რუსეთში გამგზავრება გაზაფხულზე, ან ზაფხულზე იგეგმება, თუმცა Ye-ს განრიგის მიხედვით შესაძლოა გეგმა შეიცვალოს. სუდანი ასევე ამბობს, რომ რუსეთი არტისტისთვის "მეორე სახლი გახდება".

"ის იქ დიდ დროს გაატარებს", - თქვა მან.

ამირ სუდანმა გამოცემასთან ლაპარაკისას ასევე თქვა, რომ კანიე უესტი გეგმავს ითანამშრომლოს აზერბაიჯანული წარმომავლობის რუს ოლიგარქთან, არას აგალაროვთან და მის მომღერალ შვილთან - ემინ აგალაროვთან და ამის შედეგად, საკუთარი ქონება 10 მილიარდი დოლარით გაზარდოს.

კანიე უესტს საკუთარი კარიერის განმავლობაში რუსეთში კონცერტი არასდროს ჩაუტარებია.

არტისტმა რუსეთის პრეზიდენტის შესახებ 2021 წლის 15 ნოემბერს ილაპარაკა და თავი ახალგაზრდა პუტინს შეადარა.

"მე პუტინი ვარ... ახალგაზრდა პუტინი ვარ", - თქვა მაშინ უესტმა.

კომენტარები