ალეკ ბოლდუინი

სასხლეტისთვის თითი არ გამომიკრავს – ტრაგიკულ მოვლენაზე ბოლდუინის ინტერვიუს TRAILER გამოვიდა

სატელევიზიო არხმა ABC ალეკ ბოლდუინს ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც მსახიობმა Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ ილაპარაკა. გამოქვეყნებულ ტრეილერში ბოლდუინი ამბობს, რომ ჩახმახისთვის თითი არ გამოუკრავს.

"ის(ჰალინა ჰატჩინსი) იყო ადამიანი, რომელიც გადასაღებ მოედანზე ყველას უყვარდა. ვერ ვიჯერებ რაც მოხდა. სასხლეტისთვის თითი არ გამომიკრავს. არასდროს დავუმიზნებდი ვინმეს იარაღს და გამოვკრადვი ჩახმახს თითს. ვიღაცამ იარაღში საბრძოლო ვაზნა ჩადო, რომელიც გადასაღებ მოედანზე საერთოდ არ უნდა ყოფილიყო". – ამბობს აცრემლებული მსახიობი ტრეილერში.

სრული ინტერვიუ ABC-ის ეთერში 3 დეკემბერს გამოვა.

22 ოქტომბერს, ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

იარაღი, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო. რეალურად მჭიდში საბრძოლო ვაზნები იდო. ამის შესახებ სასამართლოს მასალებში წერია.

გადამღები ჯგუფის წევრმა, მეგი გოლმა გამოცემა The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰოლსს უსაფრთხოების წესების დარღვევას წარსულშიც ედავებოდნენ

მსახიობი პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა, სამართალდამცავების ყველა კითხვას უპასუხა და შენობა დატოვა. ამ ეტაპზე გამოძიებას ბრალი არავისთვის წარუდგენია.

დაჭრილი ჰალინა ჰატჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გაამგზავრეს, ოპერატორი საავადმყოფოში მიფრენამდე გარდაიცვალა. ის 42 წლის იყო. დაჭრილი რეჟისორის, ჯოელ სოუსას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს.

"არ არსებობს სიტყვები, რომლითაც გამოვხატავ ჩემს შოკსა და მწუხარებას უბედურ შემთხვევაზე, რომელმაც ცოლის, დედის და ჩვენი კოლეგის ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა. პოლიციასთან სრულად ვთანამშრომლობ". – ამ სიტყვებით გამოეხმაურა ალეკ ბოლდუინი ტრაგედიას.

მსგავსი უბედური შემთხვევა მოხდა 1993 წელს, ფილმ The Crow-ს გადასაღებ მოედანზე. სარეკვიზიტო პისტოლეტიდან გასროლილმა ტყვიამ მსახიობი ბრენდონ ლი იმსხვერპლა.

კომენტარები