ზაზა სარალიძე

სარალიძე: პრემიერის კრიტიკის მერე ხალხი მომიგზავნეს, ცოლ-შვილის გაუპატიურებით მემუქრებიან

კადრი ვიდეოდან/ტელეკომპანია პირველი

2017 წელს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გაკრიტიკების შემდეგ მას ხალხი მიუგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებით ემუქრებიან.  

"დღეს კიდევ ერთი ბიძა დავასაფლავე, გამზრდელი ბიძა, რის გამოც დაიმსახურა ღარიბაშვილმა ჩემი შეურაცხყოფა და დაიმსახურებს ყოველთვის. რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება დღეში კოვიდით, ეს არის პირდაპირ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა. ღარიბაშვილი არის ერთი დიდი ოჯახის ხელმძღვანელი - რომელ ოჯახშიც ხელმძღვანელის დაუდევრობით ადამიანი კვდება ვის კისერზეა? რა თქმა უნდა, ოჯახის მმართველის და ოჯახის უფროსის კისერზე.  

ძალიან ბევრი ნათესავი დავკარგე, მამიდაშვილი დავკარგე, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება ღარიბაშვილის მიმართ და იმის მაგივრად, რომ ჩემთვის ეკითხათ, რა მოხდა, ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებით და რაღაცებით მემუქრებიან. ყველა არანორმალურები არიან". - ამბობს სარალიძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

ზაზა სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის ინფორმაციით, სარალიძე სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელ და მუქარის შეტყობინებებს იღებს. ლონდარიძის თქმით, შეტყობინებები სარალიძისა და პარტია საქართველოსთვის ლიდერის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის შეხვედრის ამსახველი ვიდეოს გავრცელებას, ასევე, სარალიძის მიერ პრემიერზე დაწერილ პოსტებს მოჰყვა. ლონდარიძემ სარალიძის პირადი შეტყობინებების ე.წ. სქრინები წარმოადგინა, ადვოკატის ცნობით, შეტყობინებების ავტორებს შორის ერთ-ერთი პრემიერმინისტრი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილია. 

ზაზა სარალიძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, გამონახოს გზა და მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე პირები შეიწყალოს. 

“პირდაპირ მინდა, მივმართო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომ გამოძებნოს ნებისმიერი ბერკეტი და გაათავისუფლოს ყველა, ვინც კონკრეტულად ამ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას, გარდა იმ პირებისა, ვინც ხელი შეუშალა გამოძიების მსვლელობას და ვინც ძალიან დიდი დამღა დაასვა არა მარტო ჩემს ოჯახს, არამედ ბრალდებულებსაც და მონაწილე პირებსაც, კონკრეტულად, ზვიად ფხაკაძე, გუგუშვილი და ფიფია. 

სასამართლომ მიუსაჯა რაც ჩვენი კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, მაქსიმალური 15 წელი. 15 წლის შემდეგ თუ მე კანონი მაიძულებს და მავალდებულებს, რომ ვაპატიო, დღეს მინდა, რომ ვაპატიო. 15 წლის შემდეგ მე თუ კანონმა უნდა დამავალდებულოს და ვიღაცამ მიმითითოს, რომ მოიხადეს სასჯელი და ზაზა სარალიძეს რაღა უნდა, მე დღეს უფრო ბედნიერი ვიქნები, რომ ვაპატიო და მართლა ბედნიერი ვარ, ამ სიტყვებს რომ ვამბობ”. - ამბობს სარალიძე ფორმულასთან

კომენტარები