ვაქცინაცია საქართველოში

საპატრიარქო: დაუშვებელია აცრის გამო შეიზღუდოს ზიარება – იძულებით აცრას მხარს ვერ დავუჭერთ

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა, ამიტომ დაუშვებელია სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ​. საპატრიარქო ასევე აღნიშნავს, რომ "იძულებით" ვაქცინაციას მხარს ვერ დაუჭერს.

"მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოხდა მისი განმარტება, უკანასკნელ პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან დაფიქსირებული რადიკალური პოზიციის გამო, კვლავ გავიმეორებთ, რომ აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა. და ამდენად დაუშვებელია, სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ. მკურნალობის ამ მეთოდთან მიმართებაში, ქრისტიანისათვის რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია უხეში და შეურაცხმყოფელი მიმართვების გავრცელებაც. წმ. სინოდის განჩინებას ასევე ეწინააღმდეგება მოძღვრის მიერ მრევლისთვის მსახურებაზე პირბადის ტარების აკრძალვა.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს იძულებით ვაქცინირებას, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი ნაკარნახევი. ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ეს ღვთისგან მონიჭებული ხელშეუხებელი უფლებაა და მისი დაცვა აუცილებელია". – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქო მიმართავს სასულიერო პირებს, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მათი ქმედებები არ გასცდეს სინოდის განაჩენს, მრევლს კი მოუწოდებს, რომ თვითნებობის შემთხვევაში მათ მიმართონ.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა სასულიერო პირების მიერ გაკეთებული ანტივაქსერული განცხადებები არ დაგმო და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ნებაყოფლობითობას მიესალმა.

კომენტარები