ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 სამკურნალო პენიტენციური დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების მანქანა უკვე შევიდა გორის კლინიკის ტერიტორიაზე.
გორში იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ნიკა გვარამია, დიმიტრი საძაგლიშვილი და პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანას დასთანხმდა. სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ის შიმშილობას კლინიკაში გადაყვანისთანავე შეწყვეტს. სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა პარლამენტში მოშიმშილე 9 დეპუტატმა, იქამდე კი დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
19 ნოემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამას წინ უძღოდა 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მან ღამე გლდანის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციაში გაატარა.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.
ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი.
მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს.
10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).
10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.