მწვანე პასპორტები

სად და როგორ უნდა აიღოთ მწვანე პასპორტი – ბეჭდური სახით და ONLINE

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტის სისტემა ამოქმედდება. მოქალაქეები მხოლოდ Covid-ბარათით შეძლებენ შესვლას დაწესებულებების ნაწილში. კერძოდ, კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, ასევე, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე. აღსანიშნავია, რომ მწვანე პასპორტებს მხოლოდ ობიექტების სტუმრებს მოსთხოვენ, დასაქმებულ პერსონალს  - არა.

საქართველოში მწვანე პასპორტი ნიშნავს ორჯერად ვაქცინაციას, 72-საათიან PCR ტესტს, 24-საათიან ანტიგენ ტესტს ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არ იქნება კორონავირუსის გადატანის ვადაზე შეზღუდვა ისე, როგორც სხვა ქვეყნებშია.

"იყო მოსაზრება, რომ გადატანილებზე ყოფილიყო ექვსთვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა, ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი" - განაცხადა პრემიერმინისტრმა. 

Covid-ბარათებს მატერიალური სახით, ხელმოწერით და ბეჭდით იუსტიციის სახლებში მიიღებთ, ასევე, ნებისმიერ იმ დაწესებულებაშირომელიც ტესტირებას ან/და აცრას აკეთებს. ამისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობა გჭირდებათ. Covid-ბარათში ასახულია როგორც ვაქცინაციის გაკეთების დრო და ადგილი, ასევე, ვირუსის გადატანის და ჩატარებული Covid-ტესტირების შესახებ ინფორმაცია. გარდა ამისა, მოქალაქეებს ვებგვერდიდან - Covidpass.moh.gov.ge პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ შეუძლიათ შტრიხკოდის სახით საკუთარი Covid-სტატუსის ჩამოწერა. რამდენიმე დღეში ჩაეშვება სპეციალური აპლიკაცია, ის ახლა ტესტირების რეჟიმშია.  

"ეს აპლიკაცია დაკავშირებულია ჩვენს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორ ბაზასთან: იმუნიზაციის ბაზა და Covidlab ბაზა, სადაც ყველა დიაგნოსტირებული ანუ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. სწორედ ამ ბაზებიდან ამოიღებს აპლიკაცია ინფორმაციას" - ამბობს NCDC-ის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

მობილურ აპლიკაციაში განთავსდება კერძო პირის მწვანე სტატუსი, რაც მოიცავს:

  • ვაქცინაციის სტატუსს
  • PCR ტესტების ჩატარების ისტორიას
  • ანტიგენ-ტესტის ჩატარების ისტორიას
  • SARS-CoV-2-ით ინფიცირების ისტორიას

NCDC-ს ცნობითვე, მიმდინარეობს ევროკავშირის ბაზებთან სინქრონიზაციის პროცესიც და უახლოეს მომავალში გახდება დამატებითი ინფორმაცია ცნობილი.

კომენტარები