არჩევნები 2021

საელჩო: გადათვლა, საჩივრების განხილვა ტესტი და შესაძლებლობაა ცესკო-სა და სასამართლოსთვის

აშშ-ს საელჩო 30 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩო აღნიშნავს, რომ ხმების გადათვლის და საჩივრების განხილვის პროცესში კრიტიკული მნიშვნელობა ექნება ცესკო-ს და სასამართლოების მიერ თავიანთი მოვალეობის მიუკერძოებლად შესრულებას.

"ამჟამად საარჩევნო პროცესი გრძელდება სულ მცირე 140 უბანზე შემთხვევითი გადათვლებით და ასობით საჩივრის განხილვით. ეს ფაზა არის ტესტიცა და შესაძლებლობაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოებისთვის. ამ ინსტიტუტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, თავიანთი მოვალეობა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეასრულონ. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად. საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით" - ნათქვამია განცხადებაში.

საელჩოს თქმით, არჩევნები ხანგრძლივი და განხეთქილების გამომწვევი კამპანიის შემდეგ ჩატარდა. აშშ-ს დიპლომატიური მისია იზიარებს ეუთო-ოდირის შეფასებას არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, რომ პროცესი მშვიდად და კარგად იყო ორგანიზებული, "თუმცა, ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა". 

აშშ-ს საელჩოს განცხადების მიხედვით, მათმა სადამკვირვებლო ჯგუფებმა ქვედა დონის საარჩევნო კომისიებში, რამდენიმე უბანზე დააფიქსირეს მიკერძოებისა და ჩარევის ფაქტები. 

ამერიკული მხარე შეშფოთებულია მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებზე, რაც ორივე ტურში დაფიქსირდა. 

ამერიკის საელჩო მხარეებს მოუწოდებს სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებისკენ და საარჩევნო დავების მშვიდობიანი გზებით გადაჭრისკენ. მათი თქმით, "საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით".

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია. 6 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები