არჩევნები 2021

ხაზარაძე: ლელოს ფრაქცია პარლამენტში მუშაობას გააგრძელებს

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იყო პერსონალური და ფრაქცია ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის პარლამენტში მუშაობას გააგრძელებს.

"ეს პიროვნული გადაწყვეტილება იყო, სხვა ყველა რჩება პარლამენტში, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ, სადაც ჩვენი წარმომადგენლები არიან". - თქვა ხაზარაძემ. 

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტს ტოვებს. ამის შესახებ ხაზარაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, 30 ოქტომბრის არჩევნებზე ოპოზიციურმა კოალიციამ გაიმარჯვა.

პარტია ლელო პარლამენტში 2021 წლის გაზაფხულზე, ე.წ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად 28 ივლისს გამოაცხადა, მამუკა ხაზარაძე კვლავაც ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებდა, ხელი მოაწერათ შეთანხმებისთვის.   

"ლელომ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სწორედ დღეს, 43%-იანი ბარიერის ჩანაწერი გვაძლევს იმის შანსს, რომ ქვეყანაში მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები. სამწუხაროდ, რამდენიმე ოპოზიციური პარტია დღესაც არ არის დე იურე შეერთებული, თუმცა, ფაქტობრივად ისინი ამ დოკუმენტს მიყვებიან და მინდა, ვისურვო და მოვუწოდო, უახლოეს ხანში ყველა შემოუერთდეს ამ დოკუმენტს, რათა ერთიანი ძალებით, ერთიანი ფრონტით გადავტეხოთ ის მანკიერი მმართველობა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა". – თქვა ხაზარაძემ 23 აგვისტოს.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა აპრილში მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა ევროპულმა საქართველომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, პარტიამ - კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრმა და ამჟამად დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. შეთანხმებას ხელი არ მოაწერა არც ენმ-მ, თუმცა, პარლამენტში შევიდა. ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით დოკუმენტს ხელი მოაწერეს პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ

კომენტარები