არჩევნები 2021

პაპუაშვილი: მთავარი არხი და Ipsos შეთანხმებული მოქმედებენ, გადაბრალება უფრო დიდი სკანდალია

"გაყალბება გვაქვს ყოველ ჯერზე, შესაბამისად, ეს არის შეთანხმებული მოქმედება, გადაბრალება კიდევ მეტად დიდი სკანდალია, როცა ცდილობს მთავარი არხი იფსოს გადააბრალოს". - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი მთავარი არხის მხრიდან Ipsos-თან თანამშრომლობას გაწყვეტის ფაქტს.

მთავარმა არხმა კომპანია IPSOS-თან თანამშრომლობა შეწყვიტა, მიზეზად კი კომპანიის მიერ კონტრაქტის უხეშად და არაკეთილსინდისიერად დარღვევა დაასახელა. არხის დირექტორი, ნიკა გვარამია ფაქტს "დივერსიას" უწოდებს და წერს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში ახალი მკვლევარი ორგანიზაციის დაკონტრაქტება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, თუმცა ინტენსიურად იმუშავებენ ამ საკითხზე, რათა არჩევნებზე მაინც შეძლონ ეგზიტპოლის ჩატარება.

ამასთან ერთად, გვარამიას თქმით, კომპანიასთან დაკავშირებით არსებობს კორუფციული გარიგების საფუძვლიანი ეჭვი და დადგენილია კონკრეტული პირის ვინაობაც.

ტაბულა ასევე დაუკავშირდა ტელეკომპანია ფორმულას დირექტორის მოადგილეს, გიორგი თარგამაძეს. მისი თქმით, ფორმულას მეორე ტურისთვის ეგზიტპოლის ჩატარება არ დაუკვეთავს. TV ფორმულასთვის არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლი კომპანია Edison Research-მა ჩაატარა.

ეს ნიშნავს იმას, რომ, დიდი ალბათობით, II ტურში არასახელისუფლებო არხების ეგზიტპოლების შედეგები არ გამოქვეყნდება

მეორე ტურისთვის ეგზიტპოლებს სამთავრობო ტელეკომპანია იმედის დაკვეთით კომპანია GORBI ჩაატარებს.

კომენტარები