ზუგდიდი

პრემიერი: გარყვნილი გონებიდან გამომდინარე აზროვნებენ – სპეცრაზმზე აბსურდული პანიკა ააგეს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მედიისა და ოპოზიციის წევრების მიერ ზუგდიდში სპეცრაზმის გაგზავნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. პრემიერი ინფორმაციას "აბსურდულ პანიკას" უწოდებს.

"გუშინ ღამე თუ მიაქციეთ ყურადღება, სრული ისტერია, პანიკა დათესეს ერთ-ერთმა ყველაზე ბინძურმა პროვოკატორმა გვრამიამ, მელიამ და ყველა ამ ქაოსის შემომტანმა ადამიანებმა. არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, თითქოს ჩემი დავალებით ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებაზე. ასეთი ტყუილებით მართავდნენ თქვენი ხელმძღვანელები ქვეყანას. ძალადობის დრო ქვეყანაში არის დამთავრებული, აქ რევოლუციას და არეულობას ვერავინ ვერ მოაწყობს. 

ეს, რა თქმა უნდა, იმას უკავშირდება, რომ დაძაბონ სამეგრელოს მოსახლეობა, ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიყავით ჩასული და იქ მხოლოდ სიმართლე ვილაპარაკე, მე არაფერი არ მილაპარაკია ფაქტების გგარდა, მხოლოდ ფაქტები შევახსენე მოსახლეობას. რა უნდა მოხდეს? ადამიანი თავისი გარყვნილი გონებიდან გამომდინარე აზროვნებს - ალბათ, თვითონ რასაც მოიმოქმედებდნენ და რასაც დაგეგმავდნენ, აქედან გამომდინარე ააგეს ეს აბსურდული პანიკა". - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, "სპეცრაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია" და, მათივე შეფასებით, ინფორმაცია წინასაარჩევნოდ შიშისა და პანიკის დათესვას ემსახურება.  

22 ოქტომბერს ღამით ენმ-ის თავმჯდომარემ და ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, სუს-ის 30 სპეცწარმომადგენელი ზუგდიდში გაგზავნეს, რათა, მისივე სიტყვებით, მომდევნო დღეს დაკავებებისთვის "ნიადაგი მოემზადებინათ".  

"ჩვენი ინფორმაციით, სუს-ის 30 სპეცწარმომადგენელი არის ახლა თბილისიდან მივლენილი ზუგდიდში, რომლებიც ნიადაგს ამზადებენ, რომ მოახდინონ გამთენიისას ან ხვალ დღის განმავლობაში დაკავებები, მათ შორის, ყოფილი პოლიციელების, რომლებიც არიან ანზორ მელიას შტაბში". - თქვა მელიამ ფორმულასთან ინტერვიუში. 

კომენტარები