დაძაბულობა პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე სამხედროების რაოდენობა თითქმის გააორმაგა

პოლონელი სამხედროები ბელარუსის საზღვარზე

პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე, უკანონო მიგრანტების კრიზისის ფონზე, სამხედროების რაოდენობა თითქმის 6 000-მდე გაზარდა. ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

"თითქმის 6 000 ჯარისკაცი, მე-16, მე-18 და მე-12 დივიზიებიდან, პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მსახურობს. ჯარისკაცები მესაზღვრეებს ეხმარებიან, ქვეყნის საზღვრის დაცვასა და უკანონო გადაკვეთების აღკვეთაში", – ამბობს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბლაშჩაკი. 

მესაზღვრეთა სამსახურის თქმით, ორშაბათს, 18 ოქტომბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის 612 შემთხვევა დააფიქსირეს. 

პოლონეთს საზღვრის პერიმეტრზე საგანგებო ვითარება აქვს გამოცხადებული და გამყოფ ხაზზე ღობის აშენებას აპირებენ. 

მესაზღვრეების თქმით, ოქტომბერში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა მიგრანტებმა 9 600-ჯერ სცადეს. 

გასულ კვირას უკანონო მიგრანტებმა საზღვრის გადაკვეთა შტურმით სცადეს.

ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა, რომელიც ბელარუსს ესაზღვრება, კერძოდ: პოლონეთი, ლიტვა და ლატვია საზღვრებს გამკაცრებულად აკონტროლებენ, რადგან მინსკი მათი მიმართულებით ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მომავალ არალეგალურ მიგრანტებს გზავნის. მოკავშირე ქვეყნები ამას ბელარუსისა და რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილად მიიჩნევენ.

ბოლო პერიოდში ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე. გასულ კვირაში ვარშავამ ბელარუსის ძალები მათი სამხედროების მიმართ ფუჭი ვაზნების სროლაშიც კი დაადანაშაულა.

კომენტარები