მთავრობა

მთავრობამ არჩევნების II ტურამდე 2 კვირით ადრე 198 დევნილს 1 ლარად მიწის ნაკვეთები გადასცა

მთავრობამ არჩევნების მეორე ტურამდე 2 კვირით ადრე დაამტკიცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის მიხედვით, 198 დევნილ პირს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 198 მიწის ნაკვეთი.

მიწის ნაკვეთები მდებარეობს გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში და მათი ფაქტობრივი მფლობელები არიან დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილი პირები.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად უკავშირდებოდა მიღებული გადაწყვიტილება არჩევნების მეორე ტურს, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ უპასუხა, რომ ეს მთავრობის ტრადიციული პოლიტიკის გაგრძელებაა და ის არ უკავშირდება არჩევნებს.

"ეს ტრადიციული შეკითხვაა, მაგრამ, ვინც გადახედავს ისტორიას და სტატისტიკას, რამდენჯერ გამოვიტანეთ დევნილთა საკითხი და დადებითად გადავწყვიტეთ, ნახავთ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა წინასაარჩევნოდ - ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციულ პოლიტიკას". - ამბობს ნათია თურნავა.

კომენტარები