არჩევნები 2021

წულუკიანი: ჩვენი მმართველობითაც ბევრია იმედგაცრუებული, მაგრამ ჰუმანური ძალა ვართ

არაერთ ადგილას პირველი ტურის შედეგად ქართულმა ოცნებამ აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს კვლავ უმრავლესობა, რაც ამდენი წელი ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ადვილი არ არის, რომ გქონდეს. გვახსოვს, რომ იმ ბოროტმა ძალამ, რომელმაც ყველაზე დიდხანს გაძლო ხელისუფლებაში, ნაციონალურმა მოძრაობამ ცხრა წლის თავზე ვეღარ შეძლო ხელისუფლების შენარჩუნება, ჩვენ ეს შევძელით. იმიტომ, რომ ჰუმანური ძალა ვართ, კი ბატონო, ბევრი სისუსტეებით და ჩვენი მმართველობითაც ბევრია იმედგაცრუებული, მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ძალა, რომელიც ბოროტებით მართავს, რომელიც მართავს ცეცხლით და მახვილით. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ადამიანებისგან შედგება და ადამიანს, რა თქმა უნდა, მმართველობისას, შეიძლება, მოუვიდეს შეცდომა, მაგრამ არცერთი შეცდომა არ არის ისეთი, რომელიც თუნდაც იმას გვაფიქრებინებდა, რომ ქართულ ოცნებას ქვეყნის განვითარება კი არ სურს, არამედ ჩაგვრა და ახალგაზრდებისთვის მომავლის პერსპექტივის მოსპობა სურს. ეს ყველაფერი არის პირიქით. რა თქმა უნდა, ამას ჩვენი საზოგადოება ხედავს. თუმცა არის მეორე ტურებიც და აქედან სწორი ანალიზი და გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ ყველამ, ვინც ხელისუფლებაში ვართ.

თქვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

კომენტარები