იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო გიგი უგულავა 2 000 ლარით დაჯარიმდა

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ენმ-დან ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა დააჯარიმეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

"გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა - 10 მუხლის მიხედვით, 2 000 ლარით დაჯარიმდა". - ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

უგულავა 14 ოქტომბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მიედანზე გამართულ აქციაზე მივიდა. გიგი უგულავამ 7 ოქტომბერს დაწერა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა.

"არ შემეძლო, დღეს არ მოვსულიყავი აქ და მინდა, ექიმებს მადლობა ვუთხრა, მომცეს ამის საშუალება". - თქვა გიგი უგულავამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

გუშინ, 15 ოქტომბერს გიგი უგულავამ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფოთი პასუხი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სრულიად ჯანმრთელია. თუმცა, წესის მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებული, მინიმუმ, 10 დღის განმავლობაში უნდა იყოს იზოლაციაში. 

"მეგობრებო, გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მე სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა. ცხადია მე არასდროს არც ჩემს და მითუმეტეს არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებ. ამას მათთვის ვამბობ ვინც მართლა შეწუხდა და განიცადა

წყალწაღებულ ხელისუფლებასთან, მათ პროპაგანდონებთან, რომლებსაც მხოლოდ "გამოჭერა" აინტერესებთ, ხალხის ჯანმრთელობა კი ფეხზე ჰკიდიათ, არაფერი მაქვს სათქმელი". - დაწერა მან. 

კომენტარები