არჩევნები 2021

შსს: საკრებულოში არსებული ტექნიკა კავშირს აძლიერებს, დანაყოფების კავშირისთვის გამოიყენება

მთავარი არხი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც გუშინ, 14 ოქტომბერს დაკავებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის დროს საკრებულოს შენობაში სიგნალის ჩამხშობი აპარატურა იპოვეს. შსს-ს განცხადებით, აპარატურა კავშირს აძლიერებს და საპოლიციო დანაყოფებს შორის შეუფერხებელი კომუნიკაციისთვის გამოიყენება.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 14 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ. აღნიშნული მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც აძლიერებს, როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს.

ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით. აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა, გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის, როგორც რადიოსადგურის, ასევე, მობილური კავშირის მეშვეობით". – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, საკრებულოს შენობაში სიგნალის ჩამხშობი აპარატურა იპოვეს. როგორც საკრებულოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ლილე ლიპარტელიანი ტაბულასთან საუბარისას ამბობს, აპარატი შენობის მე-3 სართულზე იპოვა, კაცი კი, რომელსაც ის ჩამოჰქონდა, კითხვის დასმის შემდეგ გაიქცა.

კომენტარები