არნოლდ შვარცნეგერი

შვარცნეგერი: ტყუპებზე მუშაობისას დენი დევიტომ მოტყუებით მარიხუანა მომაწევინა

არნოლდ შვარცნეგერმა, ტყუპების გადასაღებ მოედანზე, თითქმის 30 წლის წინ მომხდარი ამბავი გაიხსენა.

"დენი ლანჩზე ტრადიციულად უგემრიელეს პასტას ამზადებდა. ვჭამდით, სიგარებს ვეწეოდით და გადასაღებ მოედანზე ვბრუნდებოდით. ერთხელ მარიხუანიანი სიგარა მაჩუქა, ისე, რომ შემადგენლობაზე არაფერი უთქვამს, გამეხუმრა. მოვწიე და გადასაღებ მოედანზე დავბრუნდი, ვერ ვლაპარაკობდი, არადა იმ სცენისთვის ტექსტი ზედმიწევნით მქონდა ნასწავლი. დევიტომ ძალიან ბევრი იცინა. დრო რომ არ დაგვეკარგა მხოლოდ დენის სცენებს ვიღებდით, მე კი სცენარი მომცეს და ტექსტის ხელახლა სწავლა დამავალეს. ცოტა ხანში გამოვფხიზლდი, კარგად ვიცინე და ფილმზე მუშაობა გავაგრძელე. ახლა ტყუპების გაგრძელებაზე ვმუშაობთ. მშვენიერი შესაძლებლობა მომეცა ჩემს მეგობარს ხუმრობა დავუბრუნო. მეც მარიხუანიანი სიგარა ვაჩუქე, მაგრამ ჩემგან განსხვავებით მაგარი ყნოსვა აქვს და საიდუმლო ინგრედიენტი სუნით ამოიცნო". – ამბობს კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი.

ქსელში შვარცნეგერის საპასუხო ხუმრობის ვიდეოც გავრცელდა.

"მშვენიერი სუნი აქვს, კარგი სიგარაა, ამას მოგვიანებით გავაბოლებ". – ამბობს ვიდეოში დენი დევიტო.

ტყუპები აივან რაიტმანის კომედიაა, რომელიც 1988 წელს გამოვიდა. ფილმში შვარცნეგერი და დევიტო ტყუპ ძმებს თამაშობენ. ამჟამად რეჟისორი და მსახიობები ტყუპების გაგრძელებაზე, Triplets!-ზე მუშაობენ, სამსახიობო შემადგენლობას კომიკოსი ტრეისი მორგანი შეუერთდა. 

შვარცნეგერს და დევიტოს კიდევ ერთ კომედია ჯუნიორში აქვთ ნათამაშები. 1994 წლის ფილმი ასევე აივან რაიტმანმა გადაიღო.

კომენტარები