არჩევნები 2021

მელია: ვთხოვ ზუგდიდელებს, ხვალ შევიკრიბოთ და მკაფიო ხმა გავაგონოთ საქართველოს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას თქმით ხვალ, 9 ოქტომბერს ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართება. მელია მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ კონკრეტული საათი მოგვიანებით გახდება ცნობილი მოქალაქეებს მოუწოდებს.

"ღირსების საკითხია, ხალხო, ზუგდიდელებო, ქართველებო. ან გაიმარჯვებს სიმართლე, ან გაიმარჯვებს ღირსება, ან ასე ქურდულად, როცა უნდათ მოგებულს გამოაცხადებენ დამარცხებულად. ვერ იქნება, ჩვენს გვამებზე უნდა გადაიარონ, არა მხოლოდ ღირსებაზე, ვერანაირად ვერ ეღირსებით ამას, ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას. შემთხვევით არ ვარ ზუგდიდში. მე მოგვიანებით დავაანონსებ კონკრეტულ საათს და ზუგდიდელებს, ზუგდიდის რაიონებში მცხოვრებ ადამიანებს ვთხოვ, რომ ხვალ შევიკრიბოთ და ჩვენი მკაფიო ხმა გავაგონოთ არა მხოლოდ ზუგდიდს და სამეგრელოს, არამედ მთელ საქართველოს. ყველა საერთაშორისო პარტნიორმა შეხედოს, რა ხდება საქართველოში, რომ დარწმუნდნენ, სად არის სიმართლე". – თქვა მელიამ.

პოლიციამ ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიის შენობიდან ოპოზიციის წევრები, მათ შორის, დროას ლიდერი ელენე ხოშტარია და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თამარ კორძაია, გაიყვანა. ელენე ხოშტარიას თქმით, ზუგდიდში ოპოზიციამ გაიმარჯვა, კომისიის წევრები კი ხმების გადათვლისას გაყალბებას აგრძელებენ.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდის საკრებულოში გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა. ამ დროის მონაცემებით, ენმ-ს საკრებულოში 45-დან 22 დეპუტატი ჰყავს. ამდენივე ჰყავთ ქართულ ოცნებასა და გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის ერთად, საიდანაც 19 დეპუტატი სახელისუფლებო პარტიისაა, ხოლო 3 – ყოფილი პრემიერმინისტრის.

ბოლო გაუნაწილებელი მანდატის საკითხი 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გადაწყდება, სადაც ერთმანეთს ენმ-დან ზვიად ჯღარკავა (39.836%) და ქართული ოცნებიდან ირაკლი ჯანაშია (38.95%) დაუპირისპირდებიან. 

მეორე ტური გაიმართება ზუგდიდის მერობის კანდიდატებს შორისაც. ენმ-ს კანდიდატ ანზორ მელიას 46.88% აქვს, ქართული ოცნების კანდიდატ მამუკა წოწორიას კი – 41.15%.

კომენტარები