არჩევნები 2021

არჩევნების მეორე ტური ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის ჩატარდება

ტაბულა

2021 წლის 2 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელშიც, ცესკოს თანახმად, მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ ხმების 46.7% მოიპოვა. 

ქართული ოცნების ამ შედეგს პრემიერმინისტრმა და მთავრობის წევრებმა "დამაჯერებელი გამარჯვება" უწოდეს და არჩევნების წარმატებულად დასრულებაც კი იზეიმეს. 

მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, 46.7% საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად მოგვეჩვენოს და ქართული ოცნება გამარჯვებულად მივიჩნიოთ, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ქვეყნის ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ქალაქებში მმართველმა პარტიამ ვერ მოახერხა "დამაჯერებელი გამარჯვების" მოპოვება და სწორედ ამიტომ, ქვეყანაში არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გახდა აუცილებელი. 

ოცნების არადამაჯერებელ შედეგებზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში, სადაც მეორე ტურია დაგეგმილი, ქვეყნის 3.7-მილიონიანი მოსახლეობის თითქმის 60%, კერძოდ, 2.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 

მართალია, 2.2 მილიონი მოქალაქიდან ყველა არ არის სრულწლოვანი და, შესაბამისად, არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მაგრამ თუკი მათ რაოდენობას გამოვაკლებთ, არჩევნების მეორე ტური მაინც მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის ჩატარდება. 

ცესკოს მონაცემების მიხედვით, 5 თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში – გაიმართება მეორე ტურები. მათგან ორ ქალაქში – ბათუმში და ქუთაისში – პირველ ადგილებს ოპოზიციის მერობის კანდიდატები იკავებენ. 

გარდა ამისა, ქართულმა ოცნებამ გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა და მეორე ტურების ჩატარების აუცილებლობაა: ზუგდიდში, სენაკში, მარტვილში, ჩხოროწყუში, ხობში, წალენჯიხაში, ხელვაჩაურში, ხაშურში, თელავში, თიანეთში, ახმეტაში, ოზურგეთში, ქარელში, წყალტუბოსა და ცაგერში. 

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით მმართველ პარტიას სულ 824 314 ხმა აქვს მოპოვებული, დედაქალაქში კი მხოლოდ 193 503.

როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თქვა, როგორც ჩანს, ქართულმა ოცნებამ არჩევნებს რაღაც დააკლო, რადგან მმართველი პარტია პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვებისგან საკმაოდ შორს დგას. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები