შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი [1984 წელს დაბადებული შ.წ. და 1960 წელს დაბადებული ზ.წ.] დააკავა.
შსს-მ ამავე ბრალდებით – დანაშაულის დაფარვისთვის, 1 ოქტომბერს, 1958 წელს დაბადებული ე.ც. დააკავა. პროკურატურამ დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ბრალდება წარუდგინა, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების განმარტებით, სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა".





