რუსთავის ციხესთან აქცია - "თავისუფლება მიშას" დაიწყო. მხარდამჭერები მის გათავისუფლებას ითხოვენ.
ცოტა ხნის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე გამოვიდა. მან აქციის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილის წერილი წაუკითხა.
"მადლობა ჩემო დებო და ძმებო. მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს, ვაწვებით გამარჯვებამდე“ - ნათქვამია წერილში.
1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა".





