როგორ და როდიდან ტარდება თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში

როგორ და როდიდან ტარდება თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში

2021 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. მოსახლეობა აირჩევს 64 მერს და საკრებულოს 2 044 დეპუტატს. ეს რიგით მერვე თვითმმართველობის არჩევნებია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ტარდება.

თვითმმართველობა არის მოქალაქეების შესაძლებლობა, გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები -  წყლით მომარაგება, დასუფთავება, გზები, კანალიზაცია, განათება, კეთილმოწყობა და სხვა.

პირველი ადგილობრივი არჩევნები საქართველოში 1991 წლის მარტში ჩატარდა - საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე გამართული რეფერენდუმის პარალელურად. მომდევნო კი - 1998 წელს.

1998 წლის შემდეგ მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გადაიდო - ახალი საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, საარჩევნო კომისიის დროული ფორმირება ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, 2001 წლის საქართველოს ბიუჯეტში არჩევნებისთვის ჩასატარებელი თანხა ვერ გამოიძებნა, რაც ცესკოს დათვლით - 5 მილიონი ლარი იყო.

საქართველოში 5 თვითმმართველი ქალაქი და 59 თვითმმართველი თემია. თვითმმართველი ქალაქებია: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ფოთი. თვითმმართველი თემი არის დასახლებათა ერთობლიობა და მოიცავს სოფელსაც, დაბასაც და ქალაქსაც. თვითმმართველი თემები ძველი, ე.წ რაიონებია, 2006 წლის შემდეგ მათ მუნიციპალიტეტები ჰქვიათ. ყველა თვითმმართველ ერთეულს თავისი ბიუჯეტი აქვს. 

2005 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონს და თბილისის – საქართველოს დედაქალაქის შესახებ, ასევე, ადგილობრივი მმართველობის დონეზე გადასახადების დაწესებისა და საკუთრების უფლებების მარეგულირებელ სხვა კანონებს. სწორედ ეს სამართლებრივი აქტები გახდა საქართველოში ადგილობრივი მმართველობის ახალი სისტემის საფუძველი, რომელმაც მოქმედება დაიწყო 2006 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. კანონმდებლობით ერთდონიანი ადგილობრივი მმართველობის სისტემა მოეწყო მხოლოდ რაიონულ დონეზე, რომელიც სრულიად დამოუკიდებელია ეროვნული ხელისუფლებისგან. ამან შექმნა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების გამიჯვნის შესაძლებლობა მათი ლეგიტიმურობის წყაროების, მანდატების, საკუთრებისა და რესურსების განსაზღვრის გზით. ასევე, ადგილობრივად არჩეულ ორგანოებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, კონტროლი დაეწესებინა რაიონული დონის ადგილობრივი ადმინისტრაციების მუშაობაზე. მერებს უკვე არა პრეზიდენტი, არამედ, არამედ არჩეული საბჭოები (საკრებულოები) ნიშნავდა.

1991 წლის ადგილობრივი არჩევნები 

1991 წლის მარტში იმდროინდელი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოპოზიცია განსაკუთრებით სუსტი იყო, ხოლო ადგილობრივი არჩევნები საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფაზე მოწყობილ რეფერენდუმს დაემთხვა. ამის მიუხედავად, მმართველი პარტიის გაერთიანებამ თბილისის გარდა ძალიან ცოტა ადგილობრივ საბჭოში (საკრებულოებში) მოიპოვა უმრავლესობა.  

1998 წლის ადგილობრივი არჩევნები 

1998 წელს რაიონულ დონეზე და ხუთ დიდ ქალაქში, თბილისის ჩათვლით, არჩევნები ჩატარდა მკაცრად პროპორციული სისტემით, ხოლო პირველ დონეზე (სადაც მოსახლეობა 2 000-ზე ნაკლები იყო) - მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემით. უმრავლეს საარჩევნო ოლქში ხმათა უმრავლესობა მმართველმა პარტიამ მოიპოვა, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა მოახერხეს კოალიციების შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვან ოლქში.

 2002 წლის ადგილობრივი არჩევნები

თბილისში, სადაც არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდა, მმართველმა პარტიამ მხოლოდ 2.5 პროცენტი მიიღო და ოთხპროცენტიანი საარჩევნო ბარიერიც კი ვერ გადალახა. თბილისის საკრებულოს არჩევნებში გამარჯვება გაიყვეს ლეიბორისტულმა პარტიამ და ნაციონალურმა მოძრაობამ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი გახდა. 

2005 წლის 1 აპრილიდან საქართველო მიუერთდა ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას. ასევე, შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს თვითმმართველობის სისტემის რეფორმირებაში.  


2006 წლის ადგილობრივი არჩევნები

2006 წლის 5 ოქტომბერს ქვეყნის 76 რაიონში, ხუთი თვითმმართველი ქალაქის ჩათვლით, მოსახლეობამ საკრებულოები შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით აირჩია. 2006 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები მკაფიოდ განსხვავდება წინა ადგილობრივი არჩევნებისგან - პირველად მოხდა, რომ თბილისის მერი და რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელები საკრებულოებმა აირჩიეს და ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუნიშნავს ისინი. ასევე, 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების დღიდან, საქართველოში მოქმედებს თვითმმართველობაზე დაფუძნებული ერთდონიანი ადგილობრივი ხელისუფლების სისტემა.

2010 წლის ადგილობრივი არჩევნები

ადგილობრივი არჩევნები კანონით გათვალისწინებულ ვადაზე რამდენიმე თვით ადრე, 2010 წლის გაზაფხულზე ჩატარდა, ხოლო თბილისის მერი ამომრჩევლებმა პირდაპირი წესით აირჩიეს. ასევე, მაშინ დადგინდა ბარიერი - 30%. სხვა ქალაქებსა და დასახლებებში ამომრჩეველმა კვლავ მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულოები აირჩია, პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

2010 წელს თბილისის არჩევნებისათვის შეიქმნა 25 ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი. რუსთავის, ქუთაისის, ფოთის და ბათუმის (სულ 35) ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები და 965 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. 

საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულში ხმათა უმრავლესობა მიიღო მმართველმა პარტიამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. მეორე ადგილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გავიდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა.

 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები

წლების განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ადგილობრივ საკრებულოებში ირჩევდნენ, ხოლო მერების და გამგებლების არჩევა/დანიშვნა საკრებულოების ან პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე ხდებოდა. 2014 წლიდან კი საქართველოს მოქალაქეები მერებს და გამგებლებსაც პირდაპირი წესით ირჩევენ. 

15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ 12 ქალაქის მერი,  59 გამგებელი და 71 ახალი საკრებულო 3 წლის და 4 თვის ვადით აირჩია. 

სწორედ 2014 წლიდან დაწესდა უპროცედენტოდ მაღალი ბარიერი - მერებსა და გამგებლებს არჩევნების პირველივე ტურში მოსაგებად ხმების 50%-ზე მეტის   მიღება დასჭირდათ, იქამდე, თბილისის მერი 30%-იანი ბარიერით ირჩეოდა. 

71 საკრებულო კვლავაც შერეული სისტემით - პროპორციული და მაჟორიტარული წესით დაკომპლექტდა. პროპორციული სისტემის საფუძველზე მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე  გადანაწილდაა, რომლებმაც ხმების არანაკლებ 4% მიიღეს.  2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე რეგიონებში პარტიული სიებისთვის დაწესებული ბარიერი 5% იყო, თუმცა საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ის თბილისისთვის დადგენილ 4%-ს გაუტოლდა.

15 ივნისის არჩევნებზე პირველად გამოიყენეს ფოტოსურათებიანი  სამაგიდო  სია ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლის ადგილზე იდენტიფიცირების მიზნით.

2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ყველა მერისა და გამგებლის არჩევნები მოიგო ქართულმა ოცნებამ. 22 მუნიციპალიტეტში მეორე ტური გახდა საჭირო, მათ შორის, თბილისში. ყველა ადგილობრივ საკრებულოში ასევე, ქართულმა ოცნებამ მოიპოვა უმრავლესობა.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები

21 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩევლებმა აირჩიეს თბილისის, 4 თვითმმართველი ქალაქის და 59 თვითმმართველი თემის მერი. თბილისის საკრებულოს 50 წევრი, სხვა თვითმმართველი ქალაქების და თვითმმართველი თემების 63 საკრებულოს – 2 008 წევრი. 

საკრებულოს არჩევნები ჩატარდა პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემების საფუძველზე. ამომრჩეველს ჰქონდა ერთი ხმის უფლება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ერთი ხმის უფლება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. 

თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ოპოზიციის და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მხოლოდ 82 მაჟორიტარულ ოლქში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. შესაბამისად, სწორედ ამდენი მაჟორიტარი ოპოზიციონერი ჰყავდა ქვეყნის 64 საკრებულოს. 32 საკრებულოში მაჟორიტარული სიით მხოლოდ ქართული ოცნების კანდიდატები შევიდნენ. 

მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში. 5 მათგანში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა, ოზურგეთში კი გამარჯვება მცირე სხვაობით დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კოტე შარაშენიძემ მოიპოვა.  

თბილისის მერი

თბილისის მერის თანამდებობა არჩევითი 2006 წლიდან არის. 2006 წლამდე მერებს პრეზიდენტი ნიშნავდა. თბილისის მერი 2006 წელს საკრებულომ აირჩია, 2010 წელს კი, პირდაპირი წესით, საქართველოს მოსახლეობამ. თბილისს ჯერჯერობით მხოლოდ სამი არჩეული მერი ჰყავს - გიგი უგულავა, დავით ნარმანია და კახა კალაძე. 


თბილისის მერები:

  • ირაკლი ანდრიაძე, დედაქალაქის პირველი მერი და პრეფექტი (1991 წლის 2 ოქტომბერი - 1992 წლის 6 იანვარი);
  • თამაზ ვაშაძე - (1991 წლის 2 ოქტომბერი - 1992 წლის 6 იანვარი), ის კენჭს 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც იყრიდა;
  • ოთარ ლითანიშვილი - 1992 წლის 6 იანვარი – 1993 წლის 21 იანვარი;
  • კოტე გაბაშვილი - 1993 წლის 21 იანვარი - 1993 წლის 16 ოქტომბერი;
  • ნიკო ლეკიშვილი - 1993-1995 წლები;
  • ბადრი შოშიტაიშვილი - 1995-1998;
  • ვანო ზოდელავა - 1998-2004, მას სურდა კოსტიტუციის შეცვლა იმისთვის, რომ ედუარდ შევარდნაძეს პრეზიდენტობის მესამე ვადით არჩევის საშუალება ჰქონოდა;
  • ზურაბ ჭიაბერაშვილი - 2004-2005;
  • გიგი უგულავა - 2005-2013. ის ორი ვადით იყო თბილისის მერი, 2005 წელს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი, 55%-ით გახდა პირველი არჩეული მერი. 
  • დავით ნარმანია - 2014-2017. ქართული ოცნების კანდიდატს თბილისის მერობისთვის არჩევნების მეორე ტური დასჭირდა.
  • კახა კალაძე - 2017-2021 წლები. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და ფეხბურთელი დედაქალაქის მერი 51%-იანი მხარდაჭერით გახდა.

კომენტარები