ავღანეთი

თალიბანის ლიდერს ცხინვალის მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენელი შეხვდა

მოლა აბდულ ღანი ბარადარისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლის შეხვედრა

თალიბანის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუჰამედ ნაიმმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ მათი მთავრობის პრემიერმინისტრის მოადგილე, დაჯგუფების ერთ-ერთი თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი შეხვდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელს, ალექსეი მაქსიმოვს. შეხვედრა ავღანეთში შედგა.

 "დღეს, მოლა ბარადარი, ავღანეთის ისლამური საამიროს პრემიერმინისტრის მოადგილე, შეხვდა მაქსიმოვს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო უსაფრთხოების სამსახურების ოფიციალურ წარმომადგენელს. შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, ორივე მხარის შესახებ, რეგიონული უსაფრთხოება და სიტუაცია ავღანეთში", – ეწერა მუჰამედ ნაიმის ტვიტში. 

Эхо Кавказа-ს ცნობით, ალექსეი მაქსიმოვი ცხინვალში მოსკოვიდან მოიწვიეს და ის დანიშნეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის მეთაურად. 

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

აგვისტოში ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული ხელისუფლების დეპუტატმა, დავით სანაკოევმა არ გამორიცხა ავღანეთის ისლამური საამიროს თალიბანის ხელისუფლების აღიარება.

კომენტარები