არჩევნები 2021

"გავწიოთ გვერდზე ყველა პოლიტიკოსი" – სააკაშვილი ახალგაზრდებს მიმართავს

"გავწიოთ გვერდზე ყველა პოლიტიკოსი, საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკოსების სახელები და გვარები". - მიმართავს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდებს ვაშინგტონიდან. 

სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ახალგაზრდების დახმარება და აქტიურობა სჭირდება და მათ "საკუთარი თავისუფლებისთვის" ბრძოლისკენ მოუწოდებს.  

"მე მინდა მივმართო ჩვენს ქართველ ახალგაზრდებს, მე ახლა ვარ ვაშინგტონში, საიდანაც მრავალი, მრავალი წლის წინ მივატოვე ჩემი დოქტორანტურა, დავჯექი სადგურზე, წავედი ნიუ-იორკში, ჩავფრინდი ჩაბნელებულ, განადგურებულ  საქართველოში და დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ საქართველო წამოგვეწია წინ. ეს იყო მრავალი წლის წინ და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მშურს თქვენი, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ჩვენზე უფრო ნიჭიერებიც, ჩვენზე უფრო უფრო წინწასულებიც და ჩვენზე უფრო თავისუფლებიც.  

გუშინ და დღეს დავდივარ ამერიკაში, ვხვდები სენატორებს, კონგრესის წევრებს, ექსპერტებს და ბევრი იძახის - მოგვბეზრდა საქართველოზე ლაპარაკი, საქართველოსგან უკვე დაღლილობაა აქ. არადა, იმდენი  ათწლეული დავდიოდი და ყველა იძახდა - თქვენ ხართ ყველაზე მაგრები, თქვენ ხართ ყველაზე განსაკუთრებულები. ხალხო, მართლა გავწიოთ გვერდზე ყველა პოლიტიკოსი, საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკოსების სახელები და გვარები, მე ერთი რამ მაინტერესებს, გვინდა თუ არა, რომ გვქონდეს ჩვენი ქვეყნის სიამაყე? ეს ხომ უცვლელი კატეგორიაა? თქვენ ხომ გინდათ, რომ მაგარი ქვეყნის მოქალაქეები და წარმომადგენლები იყოთ? თქვენ ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და ბანძუსტანის რაღაც თაობა იყოთ, ხომ? ამისათვის საჭიროა, რომ დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას და არა პოლიტიკოსებს, არა სააკაშვილს, მაგრამ ქვეყანას სჭირდება თქვენი დახმარება, ქვეყანას სჭირდება თქვენი აქტიურობა ახლა. ქვეყანას სჭირდება თქვენი დრაივი, იმიტომ, რომ ძალიან მაგრები ხართ, ნიჭიერები ხართ, თქვენ უნდა იბრძოლოთ საკუთარი თავისუფლებისთვის და საკუთარი საქართველოს თავისუფლებისთვის". - ამბობს მიხეილ სააკაშვილი მიმართვაში. 

კომენტარები