ფარული მოსმენები

გავრცელებული ფაილებით, მეუფე ნიკოლოზი რუსეთს ფულის სანაცვლოდ ლუგარზე ინფორმაციას აწვდიდა

ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, ფაილებში, რომელიც დღეს, 13 სექტემბერს გავრცელდა, წერია, რომ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი რუსეთს ფულის სანაცვლოდ ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაციას აწვდიდა.  

მედიის ინფორმაციით, ფაილები, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა. შესაძლოა, ეს სუს-ის მოსმენების ამსახველი დოკუმენტები იყოს. 

ტელეკომპანია პირველის ცნობით, დოკუმენტებში წერია, რომ მეუფე ნიკოლოზი მის მეგობარს, რუსეთის მოქალაქეს, ინფორმაციას 2013 წლიდან აწვდიდა. 

"განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ნ.ფაჩუაშვილის მეგობარი, რუსეთის მოქალაქე, ლოლიტა ვლადიმერის ასული დანილინა. მათი შეხვედრები ხორციელდება როგორც ფაჩუაშვილის ვიზიტისას მოსკოვში, ასევე საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ფაჩუაშვილი ხ. გოგორიშვილისგან და ხ.ოჩიაურისგან, ასევე, მ. მაჭავარიანისგან მიღებულ ინფორმაციებს დაუყოვნებლივ აწვდიდა დანილინას. არაერთგზის დაფიქსირდა დანილინას საეჭვი ინტერესები საქართველოში არსებული პოლიტიკური და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ.  

კერძოდ, ფაჩუაშვილმა 2013 წლის აგვისტოს თვეში ინტერნეტის საშუალებით დანილინას გადაუგზავნა ინფორმაცია თბილისში, კახეთის გზატკეცილი N16-ში მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის შესახებ, სადაც 2013 წელს შემოწმების მიზნით იმყოფებოდა რუსული დელეგაცია გენადი ონიშენკოს წარმომადგენლების თანხლებით. მიტროპოლიტი დანილინას უგროვებდა ინფორმაციებს და ინტერნეტ პროგრამა სკაიპის მეშვეობით აწვდიდა მას". - წერია დოკუმენტში ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით. 

გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით მეუფე ნიკოლოზს მთავარი არხი დაუკავშირდა.

"მე ვფიქრობ, რომ საჭირა იმისათვის, რომ ქვეყანას უსაფრთხოება დაიცვან. ერთადერთი ის არის, რომ ამის გავრცელება, მგონი, ძალიან დიდი დანაშაულია. ნუ, მე ვფიქრობ, რომ მანდ ძნელია ძალიან გაყო, ხაზი გაავლო, კონკრეტულად რა მოხდა, ხომ არავინ არ იცის, რას უსმენდნენ და რას იგონებდნენ, რომ უსმენდნენ, ეგეც კიდევ კაცმა არ იცის. თუ სუსი ისმენს, ვთქვათ, ზოგადად, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა მოისმინოს ყველაფერი". - ამბობს მეუფე ნიკოლოზი მთავართან.

კომენტარები