რეფინანსირების განაკვეთი

რეფინანსირების განაკვეთის 10%-მდე გაზრდით 140 100 მომხმარებელს სესხი გაუძვირდება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 4 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.0 პროცენტით განისაზღვრა

საზოგადოება და ბანკების მიმოხილვის თანახმად, 2021 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 140 100 სესხია გაცემული, მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. კრედიტების ჯამური მოცულობა კი 7825.4 მილიონი ლარია.

"მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება გაზრდილი ინფლაციური რისკების წინააღმდეგ გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა. ივლისში წლიურმა ინფლაციამ 11.9% შეადგინა რაც ბოლო წლების რეკორდია და მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს ეკონომიკისთვის. ამასთან, გლობალურ ბაზარზე შესამჩნევია სურსათზე და ნავთობზე ფასების ზრდა, რასაც თან ერთვის გაზრდილი საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯები, რაც იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის ინფლაციის საკმაოდ დიდი წნეხია. ეროვნული ბანკი კიდევ უფრო ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკის განაკვეთს და 9.5%-დან 10%-მდე ზრდის. მიზანი ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანი უარყოფითი გავლენის მოხდენის პრევენციაა.

თუმცა, სავარაუდოა, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებშიც 2021-ის წლიური ინფლაცია 9%-იან ნიშნულთან შენარჩუნდება. მეორე მხრივ, 6 თვის ეკონომიკური ზრდა წინასწარი მონაცემით 12.7 %-ია, რაც შიდა ერთობლივი მოთხოვნის საკმაოდ გააქტიურენაზე მიუთითებს, რისი ინდიკატორიც  გაზრდილი იმპორტია. ასევე არსებული ფისკალური სტიმულიც გავლენას ახდენს ინფლაციაზე. რაც შეეხება სავალუტო შემოდინებებს, იზრდება ტურიზმიდან მიღბული შემოსავლები, თუმცა კვლავ მნიშვნელოვნად შემცირებული რჩება 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. იზრდება საერთაშორისო გადმორიცხვებიც. თუმცა, აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამომავლოდ პირდაპირ კავშირში იქნება ინფლაციის მაჩვენებელთან". - ვკითხულობთ საზოგადოება და ბანკების მიმოხილვაში.


მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია.

თუ პროგნოზირებული მაჩვენებელი აღემატება ინფლაციის მიზნობრივ დონეს, ეროვნული ბანკი ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას და აწევს საპროცენტო განაკვეთს, რათა შეზღუდული იყოს მომავალში ფასების დონის მატება. შედეგად, მცირდება ერთობლივი მოთხოვნა, რაც ზეგავლენას მოახდენს ფასების ზრდის ტემპზე. საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც ერთობლივი მოთხოვნა არის დაბალი და ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი ნაკლებია მიზნობრივზე, ეროვნული ბანკი ამცირებს საპროცენტო განაკვეთს, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაეცემა სესხების საპროცენტო განაკვეთს და გამოიწვევს ერთობლივი მოთხოვნის წახალისებას.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება სებ-ის მიერ განსაზღვრულ სამიზნე ნიშნულს. საქსტატით მიხედვით, 2021 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ფასები კიდევ 1.3%-ით გაძვირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ინფლაციის მაჩვენებელი 11.9%-ია.

კომენტარები