პრაიდის კვირეული

თალაკვაძე 5 ივლისზე: აშშ-სა და ევროპაში ამ ტიპის საქმეების გამოძიება თვეები გრძელდება

"გრძელდება პროცესი და გამოძიება. თქვენ იცით, რომ ნებისმიერ დემოკრატიაში, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ დასავლეთ ევროპა, ამ ტიპის საქმეების გამოძიება თვეების განმავლობაში გრძელდება ხოლმე" – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილე პირების დაკავებისა და პასუხისგებაში მიცემის შესახებ შეკითხვას. 

"ჩვენ გვახსოვს ძალადობრივი პროტესტები, სადაც გამოძიება მიმდინარეობდა თვეების განმავლობაში, თუმცა მე გარწმუნებთ, რომ საქართველოში გაცილებით უფრო მოკლე დროში მოხდება რეაგირება. რაც ხელის გულზე იყო, დაკავებულია ის ხალხი. 

მე არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებმა უნდა განსაჯონ და ჩვენ, პოლიტიკოსებმა, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, ვინ იყო ორგანიზატორი და ვინ არის დასასჯელი. ჩვენ ვქმნით კანონებს. საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი და ევროპული კანონმდებლობა ამ მიმართულებით, შესაბამისად, სამართალდამცავებს და მართლმსაჯულების სისტემას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, რომ მისცეს პასუხისგებაში ის ადამიანები, რომლებმაც იძალადეს და დაარღვიეს კანონი. რაც შეეხება ორგანიზატორებს, რასაკვირველია, ჩვენი, ხელისუფლების ინტერესი პირველ რიგში გახლავთ, რომ, თუ ვინმე იდგა ამ პროცესების უკან და უკეთებდა ამას ორგანიზებას, მიეცეს პასუხისგებაში". – თქვა არჩილ თალაკვაძემ იმედის ეთერში. 


ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავებულია 25 ორკი. თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 ორკი. 1 კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა. 

ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები.  მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა".  პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.


TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. 

ლაშქარავას გარდაცვალების გამო პარლამენტთან რამდენიმე აქცია გაიმართა.  ორგანიზატორები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. 

კომენტარები