ოპერატორის გარდაცვალება

ბოკერია ოპერატორზე: ხელისუფლებას მორალური და პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოვუტანოთ

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას, "ივანიშვილის რეჟიმს" აკისრებს. 

ბოკერია გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. მისი თქმით, სამოქალაქოდ აქტიურმა ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა თუ საზოგადოებრივმა ფიგურებმა უნდა გამოიჩინონ პრინციპულობა და სიმტკიცე, რომ არ მისცენ გასაქანი ამ სიძულვილს და გარე მტრის ამოცანებს ქვეყნის შიგნით.

"ივანიშვილის რეჟიმმა, პირველ რიგში, რომელმაც აშკარად, არა მარტო წაახალისა ან არ დასაჯა მოძალადეები, არამედ პრაქტიკულად დაგეგმა და, წლებია, იყენებს ასეთ ძალადობას და ამ პუტინისტურ ჯგუფებს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ოპონენტების წინააღმდეგ. მათ, პირველ რიგში, და შემდეგ, რა თქმა უნდა, იმ ჯგუფებს, რომლებიც მისი ინსტრუმენტი არიან  და, სამწუხაროდ, სასულიერო პირების უდიდეს ნაწილს, ვინც ამ შხამს თესავს, რომელსაც მერე ეს ადამიანები იყენებენ ძალადობის გასამართლებლად და მერე ამ ყველაფერს იყენებს ჩვენი ხელისუფლება და ივანიშვილის რეჟიმი თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად და ჩვენი გარე მტრის პოზიციების განსამტკიცებლად ჩვენი ქვეყნის შიგნით, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების წინააღმდეგ.

წლებია, ეს ხდება, ოღონდ ახლა მასშტაბი შეიძინა კატასტროფული და აქამდეც იყო ნათელი სამწუხაროდ, რომ ეს უკვე დიდი მორალური ზიანი იყო, მაგრამ ამას შეიძლება მსხვერპლი მოჰყოლოდა, როცა ამ ჯინს ბოთლიდან ამოუშვებ და, სამწუხაროდ, ახლა, როგორც ჩანს, ამის შედეგად დადგა მსხვერპლი.

ჩვენი ვალია, მორალური, რომ მარტო მორალური განაჩენი კი არა, პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოვუტანოთ ამ ხელისუფლებას მისი შეცვლით, ამის გარეშე ამ ჯოჯოხეთური გზიდან ვერ გამოვალთ და ჩვენ გვჭირდება ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანი არის მთავრობის ხელიდან დაცული, მისი თავისუფლება, განურჩევლად პოლიტიკური თუ ნებისმიერი სხვა კუთვნილებისა და მთავრობა, რომელიც საკუთარი ქვეყნის თავისუფლებასა და საკუთარი ქვეყნის შიგნით საკუთარი მოქალაქეების თავისუფლებაზე ზრუნავს და არა ამ თავისუფლების შეწირვით ძალაუფლების შენარჩუნებაზე, რასაც ახლა სიცოცხლე შეეწირა.

ეს არის ჩვენი ამოცანა და, ამასთან ერთად, ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენ ვიყოთ ყველანი თანმიმდევრულები, როცა ადამიანების ჯგუფს, ზოგჯერ დიდ ჯგუფს, ასეთი სატყუარებით სიძულვილის გზაზე აყენებენ, ყოველთვის სამოქალაქოდ აქტიურმა ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა თუ საზოგადოებრივმა ფიგურებმა უნდა გამოიჩინონ პრინციპულობა და სიმტკიცე, რომ არ მისცენ გასაქანი ამ სიძულვილს და გარე მტრის ამოცანებს ჩვენი ქვეყნის შიგნით". - ამბობს ბოკერია. 


TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. 

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

TV პირველის ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ პარლამენტის წინ აქცია ჩაინიშნა

"გადადგეს მკვლელი მთავრობა" – ამ სახელწოდებით აქცია 6 საათზე გაიმართება. 

"მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას;
2. მოვითხოვთ მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიებას;
3. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს!" – აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები