ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: ვინც ASTRAZENECA-ს 1-ელ დოზაზე ჩაეწერა, შეიძლება ჩინური ვაქცინები შევთავაზოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ვინც ASTRAZENECA-ის პირველი დოზიდან 10-12 კვირაში ელოდება მეორე დოზას, ისინი აუცილებლად აიცრებიან, ხოლო ვინც 4-10 კვირაში ჩაეწერა, მათ მოთმინება მოუწევთ - ამის მიზეზია ვაქცინის შეფერხებული მოწოდება. ამასთან ერთად, ვინც ასტრაზენეკას ვაქცინის პირველ დოზაზე არის ჩაწერილი, მათ შეიძლება ჩინური ვაქცინები შესთავაზონ.

"ვაქცინის მიწოდებაში შეფერხების გამო, ვერ ხერხდება ასტრაზენეკას პირველ დოზაზე და  რევაქცინაციის მიზნით პირველი აცრიდან 10 კვირამდე პერიოდში მეორე დოზაზე რეგისტრირებულო მოქალაქეების აცრა, მათ მიერ განსაზღვრულ თარიღში. ყველა იმ მოქალაქეს, რომელთაც დაგეგმილი ჰქონდათ ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა, უახლოეს პერიოდში მიეცემათ აცრის შესაძლებლობა. ამასთან, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაჯავშნილი ჰქონდა რევაქცინაცია  პირველი აცრიდან 10-12 კვირაში, შეუფერხებლად შეძლებენ აცრას მათ მიერ შერჩეულ თარიღში, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძემ ასევე თქვა, რომ, შესაძლოა, მათ, ვისაც მეორე დოზით აცრა უფერხდებათ, ალტერნატივად ჩინური ვაქცინები შესთავაზონ, სურვილისამებრ.

"ანუ პირველ დოზაზე ვინც იყო ჩაწერილი, მათ შეიძლება ჩვენ ამ ეტაპზე, დღესაც ვმუშაობთ უნისეფთან, რათა დაგვიზუსტონ, როდის მოგვეწოდება დასაგეგმად, ალტერნატივად შეიძლება სინოფარმით ან სინოვაკით შევთავაზოთ აცრა, სურვილისამებრ. დავაზუსტებ, ყველა ადამიანი, ვინც ჩაწერილი იყო და 10-12 კვირაში ელოდებოდა, ყველა ის ადამიანი აიცრება, ვისაც ჰქონდა დაჯავშნილი პირველი აცრიდან 4 დან 10 კვირამდე, მათ ვთხოვთ მოთმინებას". – ამბობს ამირან გამყრელიძე.


ათობით მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ASTRAZENECA-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა, წერს, რომ მეორე დაჯავშნილ დოზას ვერ იღებს. გუშინ, 21 ივნისს, ვაქცინაციამდე 1 დღით ადრე, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ჯავშანი შეჩერებულია. 

ტაბულა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. თუმცა, NCDC-ში კითხვებს არ პასუხობენ.

"ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, გეტყვით, რომ ყველა, ვინც არის ვაქცინირებული, თავის დოზას აუცილებლად მიიღებს. შუალედი ხომ იცით? 8-დან 12 კვირამდე არის. მე სხვა კითხვებზე ვერ გაგცემთ პასუხს, მე გითხარით, რომ ყველა მიიღებს აბსოლუტურად". – ამბობენ NCDC-ში.  

NCDC ვერც იმას ხსნის, თუ რატომ არეგისტრირებდა სისტემა მეორე დოზით აცრისთვის მოქალაქეებს, თუ ვაქცინის მათთვის განკუთვნილი დოზები ხელმისაწვდომი არ იქნებოდა.

კომენტარები