ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

მეუფე სპირიდონი ომბუდსმენსა და UNDP-ზე შეთქმულების თეორიებს ავრცელებს

მეუფე სპირიდონი

მეუფე სპირიდონი თავის ახალ, საგანგებო განცხადებაში სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიასა და UNDP-ზე შეთქმულების თეორიებს ავრცელებს და შემდეგ წმინდა წერილის სიტყვებით პასუხობს:

"მიმდინარეობს სოდომისტ--ჰომოსექსუალთა მხრიდან საშინელი ზეწოლა ქართველ ხალხზე. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი, ვინმე ანა ჩერნიშოვა, საქართველოს აძალებს ნინოწმიდის პანსიონატში დაუყოვნებლივ შეუშვან სახალხო გამხრწნელი, სოდომია--ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტ მაიძულებელი ლომჯარია, რათა გარყვნან ქართველი ახალგაზრდობა.

ამ სატანის მსახურებს ჩვენ უნდა ვუპასუხოთ წმიდა წერილის სიტყვებით:

,,ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: მამათმავალნი

ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს". (პირველი კორინთელთა თავი 6 მუხლი 9--10)

,,ხოლო პეტრემ და იოანემ მიუგეს მათ და უთხრეს: თავად განსაჯეთ, რამდენად მართებულია ღვთის წინაშე, რომ უფრო მეტად თქვენ გისმინოთ, ვიდრე ღმერთს".(საქმე მოციქულთა თავი 4. მუხლი 19)

,,ხოლო პეტრემ და მოციქულებმა პასუხად თქვეს: ღვთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანებისა". (საქმე მოციქულთა თავი 5. მუხლი 29)

,,იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით. (პირველი პეტრესი თავი 5 მუხლი 8--9)

,,მაშ, დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და უკუიქცევა თქვენგან" (წმ. იაკობ მოციქულის ეპისტოლე თავი 4 მუხლი 7)

,, სიკვდილამდე იღვაწე სიმართლისთვის და უფალი ღმერთი იბრძოლებს შენთვის". (სიბრძნე ზირაქისა თავი4 მუხლი 28)

,,ქართველნო ერთად ღვთისაკენ"!

დავიცვათ ჩვენი ოჯახების და ჩვენი შვილების მომავალი!

ნუ იყოფინ სოდომია საქართველოში! ნუ იყოფინ ! ნუ იყოფინ ! ნუ იყოფინ !

მთავარეპისკოპოსი სპირიდონი".- ვკითხულობთ განცხადებაში.

5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. 

საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან 20 არასრულწლოვანი ალტერნატიულ სერვისებში გადაანაწილეს, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია. 

9 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თავმჯდომარემ, ანა აბაშიძემაც თქვა, რომ მოწმეებზე მიდის სერიოზული ზეწოლა, ამიტომ აუცილებელია მათ მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება.

ამასთან ერთად, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ხიჭაურის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან სტუდენტი ნინოწმინდის პანსიონში ძალადობაზე მიცემული ჩვენების გამო გააგდეს.


4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. 

კომენტარები