New Line Cinema და Warner Bros. Animation სტუდიები ბეჭდების მბრძანებლის საგის ანიმაციურ ადაპტაციაზე იმუშავებენ.
შუამიწეთში ამჯერად ერთი ფილმით, ანიმაციურ პერსონაჟებთან ერთად დავბრუნდებით. ადაპტაციის სახელი როჰირიმის ომი – The War of The Rohirrim იქნება. ანიმაციური ფილმი ბეჭდების მბრძანებლის მეორე ნაწილში – ორი ციხესიმაგრე – წარმოდგენილი ბრძოლის ირგვლივ იქნება აგებული და იმ ადამიანს გაგვაცნობს, რომლის სახელსაც ლეგენდარული ჰელმის ხრამი ატარებს – ჰელმ ჰამერჰენდი როჰანის დიდებული მეფეა, რომელმაც საკუთარი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ხანგრძლივ და ხარჯიან ბრძოლაში გაატარა.
ანიმაციური ფილმი პიტერ ჯექსონის ექვსივე ფილმთან (3 ჰობიტი და 3 ბეჭდების მბრძანებელი) იქნება ლოგიკურ კავშირში. ადაპტაცია ყველასათვის ცნობილ ტრილოგიამდე 260 წლით ადრე განვითარებულ მოვლენებს შეეხება.