ირანი

ირანი ფლოტის უდიდეს გემზე მომხდარ ხანძარსა და მისი ჩაძირვის გამოძიებას იწყებს

ირანის ფლოტის ცეცხლმოკიდებული გემი ხარგი იძირება

The Wall Street Journal-ის ცნობით, ირანი საკუთარი ფლოტის უდიდეს ხომალდზე მომხდარი ხანძრისა და მისი ჩაძირვის გამოძიებას იწყებს.

გემი ხარგი  ჯასკის პორტიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ჩაიძირა. მეხანძრეები გემზე ხანძრის ჩაქრობას 20 საათის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

გემის ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ დიდი ხანძარი გაჩნდა თეირანში, ნავთობის გადამამუშავებელ ერთ-ერთ ქარხანაშიც, მაგრამ ირანული მედიის მიხედვით, ეს შემთხვევა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.

გემი ხარგი საზღვაო წვრთნებში ჩასართველად ემზადებოდა.

გამოცემა The Washington Post-ის თქმით, აღსანიშნავია, რომ შემთხვევა მოჰყვა ომანის ყურეში გემების საეჭვო აფეთქებების სერიებს, რაც 2019 წლიდან დაიწყო. მოვლენებში აშშ-ს საზღვაო ძალებმა ირანი დაადანაშაულა და ამბობდნენ, რომ ირანი მყვინთავების მეშვეობით გემებს პატარა ნაღმებს აკრავდა. ირანმა ბრალდებები უარყო.

ასევე, თებერვალში მოხდა რამდენიმე გაურკვეველი თავდასხმა ორი მოწინააღმდეგის, ისრაელისა და ირანის გემებზე. ორივე მხარე მოვლენებში ერთმანეთს ადანაშაულებდა. 

გემი ხარგის შემთხვევა ირანს ჯერჯერობით არავისთვის დაუბრალებია.

ეს ირანის სამხედრო ფლოტში პირველი უბედური შემთხვევა არ არის. 2020 წელს სამხედრო ვარჯიშებზე ირანულმა გემმა შემთხვევით საკუთარი ფლოტის სხვა ხომალდი ჩაძირა, რასაც 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, 2018 წელს ირანული საზღვაო გამანადგურებელი კასპიის ზღვაში ჩაიძირა.

კომენტარები