დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

სირიიდან ისრაელის მიმართულებით 3 რაკეტა ისროლეს

ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის მიმართულებით სირიიდან სამი რაკეტა ისროლეს. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. რაკეტები მას შემდეგ გაუშვეს, რაც ლიბანის ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ინფორმაცია გაავრცელა ლიბანელი მსხვერპლის შესახებ ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ხოლო დანარჩენი ორი გოლანის მაღლობების ღია სივრცეში. 

გუშინ, 13 მაისს ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან სამი რაკეტა ისროლეს. თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ ეს შეიძლება ლიბანში მოქმედ დაჯგუფება ჰეზბოლას ჩაედინა. თუმცა ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, რაკეტები პალესტინელი დევნილების დასახლებიდან გაისროლეს.

ინტენსიური სარაკეტო თავდასხმები რეგიონში მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ბოლო რამდენიმე დღეში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალიმის გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდნენ. მოკლული არაბი, როგორც პოლიციამ გაარკვია ერთ-ერთ 34 წლის ებრაელს ემსხვერპლა. მკვლელი დაკავებულია.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა 13 მაისის ღამეს ღაზის სექტორის წინააღმდეგ ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაციები და იერიშები დაიწყეს. IDF-მა Twitter-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომ ოპერაციაში მონაწილეობას ისრაელის საჰაერო და სახმელეთო ძალები იღებდნენ. ამან თავდაპირველად გამოიწვია მსოფლიოს მედიაში გავრცელებული არასწორი ინტერპრეტაცია, რომ თითქოს ისრაელმა ღაზაში სახმელეთო შეჭრა დაიწყო. რეალურად ისრაელის თავდაცვის ძალები სახმელეთო დანაყოფებში გულისხმობდნენ რაზის საზღვართან გამაგრებულ ჯარებს, რომლების საარტილერიო ცეცხლს ხსნიდნენ ღაზის სექტორი მიმართულებით.

ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანა ჰამასის მიწისქვეშა გვირაბებზე, რომელთაც დაჯგუფება საბრძოლო მიზნებისთვის იყენებს ხოლმე.

ისრაელის თავდასხმებს ჯამში ათობით ჰამასის მაღალი რანკის წევრი ემსხვერპლა.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს. 

კომენტარები