დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთის გეღარქუნიქის რეგიონში აზერბაიჯანელი სამხედროები ასობით მეტრის მანძილზე შევიდნენ

აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, 2019 წელი

სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა კიდევ გადაკვეთეს სომხეთის საზღვარი და ამჯერად გეღარქუნიქის თავისუფალ ზონაში რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეზე შევიდნენ.

სოფელი ვენი შორჟის გამგებლის თქმით, აზერბაიჯანელთა ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და საზღვრიდან ვარდენისის პლატოს მიმართულებით 300-400 მეტრით წინ წავიდნენ. ეს ტერიტორია თავისუფალ ზონად არის გამოცხადებული.

სოციალურ ქსელ Twitter-ზე გავრცელდა აზერბაიჯანელი სამხედროების ყოფნის სავარაუდო კადრები.

აქამდე, 12 მაისს, სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, 250-მა აზერბაიჯანელმა სამხედრომ სომხეთის საზღვარი გადმოკვეთა და სიუნიქის რეგიონში 3.5 კილომეტრის სიღრმეზე შევიდა. 

ამჟამად სევის ტბის მიდამოებში ერთმანეთისგან მცირე მანძილზე იმყოფებიან აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედროები.

12 მაისს, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა,  ეს პრობლემა მოლაპარაკებების მეშვეობით გადაწყვეტილიყო, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტი იყო.

"ჩვენი პრიორიტეტი ამ საკითხის მოლაპარაკებებითა და დიპლომატიური გზებით გადაჭრაა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია". – თქვა ფაშინიანმა.

13 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა ამ ვითარებასთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას. ამ ორგანიზაციაში პოსტსაბჭოთა სივრცის რამდენიმე ქვეყანა შედის და მისი მთავარი ოფისი მოსკოვშია. 

დღეს, 14 მაისს სიუნიქის რეგიონის მოვლენებთან დაკავშირებით საუბარი შედგა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და სომხეთის პრემიერმინისტრის თანამდებობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს შორის. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 4 მაისს სიუნიქის რეგიონში რუსეთის 102-ე ბაზის ჯარმა ორი სამხედრო ობიექტი დააფუძნა. სიუნიქი ერთმანეთისგან ყოფს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და მისგან მოწყვეტილ ნახიჩევანის რეგიონს.

 "სიუნიქის რეგიონში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ორი გამაგრებული პუნქტი დაფუძნდა. ეს არის დამატებითი უსაფრთხოების გარანტია არა მხოლოდ სიუნიქის რეგიონის, არამედ მთელი სომხეთისთვის". – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა. 

ასევე, გასულ თვეში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთს ზანგეზურის კორიდორის ძალით გაყვანით დაემუქრა. მისი შექმნის შემთხვევაში ის სიუნიქის რეგიონში გაივლის და ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან დააკავშირებს.

"ზანგეზურის კორიდორის შექმნა ჩვენს ეროვნულ, ისტორიულ და სამომავლო ინტერესებს სრულად უპასუხებს. ჩვენ შევქმნით ზანგეზურის კორიდორს, სურს ეს სომხეთს თუ არა. თუ მოისურვებს, მარტივად გადავწყვეტთ, თუ არ მოისურვებს – ძალით გადავწყვეტთ. ისე, როგორც ომამდე ვამბობდი, რომ საკუთარი კეთილი ნებით უნდა დაეტოვებინათ ჩვენი მიწები ან ძალით გავყრიდით. ასეც მოხდა. ზანგეზურის ბედიც ასე გადაწყდება". – თქვა ილჰამ ალიევმა.

კომენტარები