აშშ

ბაიდენმა კონგრესს სოციალური პროგრამების $4 ტრილიონიანი საინვესტიციო გეგმა წარუდგინა

ჯო ბაიდენი
GETTY IMAGES

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს ახალი 4-ტრილიონდოლარიანი საინვესტიციო გეგმა წარუდგინა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნის, განათლებისა და სოციალური ზრუნვის სერვისისთვის არის განკუთვნილი. ანალიტიკოსების შეფასებით, 1960 წლის შემდეგ ეს ამ სექტორისთვის გამიზნული ყველაზე დიდი ინვესტიციაა.

ახალ გეგმას დიდ წინააღმდეგობას უწევს რესპუბლიკური პარტია. ნაკლებ სავარაუდოა, რომ რესპუბლიკელებმა მთავრობის ხარჯების და გადასახადების გაზრდას დაუჭირონ მხარი. მართალია, დემოკრატიულ პარტიას მცირე უმრავლესობა აქვს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში, მაგრამ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს იმის შესახებ, თუ რამდენად სწორია, ასეთი მოცულობის საინვესტიციო პაკეტის გატარება.

ბაიდენმა კონგრესს "ამერიკული სამუშაო ადგილების გეგმა" და "ამერიკული ოჯახების" გეგმა წარუდგინა. თეთრი სახლის ცნობით, ეს გეგმები კორპორაციებისა და უმდიდრესი ამერიკელებისთვის გადასახადების გაზრდით დაფინანსებოდა.

"დროა, კორპორაციულმა ამერიკამ და უმდიდრესმა 1%-მა თავისი წილი სამართლიანად გადაიხადოს". - თქვა ბაიდენმა.

კონგრესთან სიტყვით გამოსვლის დროს ბაიდენმა საინვესტიციო პაკეტები საგარეო პოლიტიკის კონტექსტშიც განიხილა და აღნიშნა, რომ აშშ და ჩინეთი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ 21-ე საუკუნის მოგებაში და ორივე პარტიის პოლიტიკოსებს მისი გეგმების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კონგრესისთვის მიმართვაში ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა თავისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში მიღწეული წარმატებებზე. მან ხაზი გაუსვა ვაქცინაციის პროგრამის წარმატებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის ზრდას, თუმცა შემდეგ პრეზიდენტმა მეტი მოქმედების საჭიროებას გაუსვა ხაზი, ახალი საინვესტიციო პაკეტი წარადგინა და გააკეთა მოწოდებები იარაღის უფრო მკაცრი კონტროლის, საემიგრაციო პოლიტიკის ცვლილებების, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისაკენ.

რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე რონა მაკდანიელმა ბაიდენის პრეზიდენტობის პირველი 100 დღე გააკრიტიკა და მის მმართველობას "ჩავარდნა" უწოდა. მაკდანიელმა ბაიდენი პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირების გამწვავებაში დაადანაშაულა.

"ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ბაიდენმა ერთიანობისკენ მოგვიწოდა. ეს იყო ტყუილი და ჯო ბაიდენის გამო ჩვენი ქვეყანა ახლა უარესადაა და უფრო დაყოფილია". - თქვა მაკდანიელმა

კონგრესმენმა კევინ მაკ-კარტიმ ბაიდენის გამოსვლა კონგრესში უფრო ლაკონიურად შეაფასა.

"ეს ყველაფერი შეიძლებოდა მხოლოდ ი-მეილი ყოფილიყო". - დაწერა მაკ-კარტიმ Twitter-ზე.

რესპუბლიკელი სენატორის ტიმ სკოტის თქმით, ბაიდენის შემოთავაზებების შედეგად საშუალო დასაქმებული ამერიკელის შემოსავალი შემცირდება. სკოტმა ბაიდენის საინვესტიციო პაკეტები "ლიბერალების სურვილების სიად" და "დიდი მთავრობის" არასაჭირო ხარჯებად შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენმა უკვე წარადგინა აშშ-ს ინფრასტრუქტურის განვითარების 2.3-ტრილიონიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც, თეთრი სახლის ცნობით, საინვესტიციო პაკეტის უდიდესი ნაწილი, 621 მილიონი დოლარი, გზებს, ხიდებს, საჯარო ტრანსპორტს, ელექტრომანქანების სადგურებს და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას მოხმარდება. $111 მილიონის დახარჯვა იგეგმება ტყვიისგან დამზადებული წყლის მილების შეცვლასა და კანალიზაციის სისტემის განახლებაზე. $100 მილიონი ინტერნეტის სისტემის ინფრასტრუქტურისთვისაა გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში იგეგმება სახლების, სკოლების, საავადმყოფოების მოდერნიზება და მუშების გადამზადება.

საინვესტიციო პაკეტის დაფინანსებას ბაიდენი კორპორაციული გადასახადების გაზრდით გეგმავს. ბაიდენს სურს, კორპორაციული გადასახადი 21%-იდან 28%-მდე გაზარდოს.

გარდა ამისა, მარტში კონგრესმა დაამტკიცა ბაიდენის წარდგენილი, პანდემიისგან მიყენებული ზარალის შემსუბუქებისთვის განკუთვნილი $1.9-ტრილიონიანი დახმარების პაკეტი. დახმარების პროექტს მხარი რესპუბლიკელებმა არ დაუჭირეს და ის დემოკრატების მცირე უმრავლესობით დამტკიცდა. მოსალოდნელია, რომ ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების საინვესტიციო პაკეტებიც ვერ მოიპოვებს რესპუბლიკური პარტიების მხარდაჭერას.

კომენტარები