მედია თავისუფლება

მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 73%-ში მედიის თავისუფლება იზღუდება – Reporters Without Borders-ის კვლევა

ანალიტიკურმა ორგანიზაცია Statista-მ Reporters Without Borders-ის კვლევაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა 2021 წლის მედია თავისუფლების ინდექსი

ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 73%-ში პრესის თავისუფლება შეზღუდულია. 

ორგანიზაციის განმარტებით, კორონავირუსის პანდემია ჟურნალისტური საქმიანობისა და პრესის თავისუფლების შესაზღუდად იქნა გამოყენებული. 

"ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვნადაა გაუარესებული მოსახლეობის წვდომა ინფორმაციასთან და სიახლეებთან. კორონავრიუსის პანდემია ჟურნალისტური საქმიანობის შესაზღუდად იქნა გამოყენებული. კვლევა აჩვენებს, რომ გართულებულია საგამომძიებლო ჟურნალიზმის წარმოება და სენსიტიურ საკითხებზე რეპორტაჟების მომზადება. სიტუაცია განსაკუთრებით რთულია: აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში". – წერია კვლევის დასკვნით ნაწილში. 

მედია თავისუფლების ინდექსის პირველ სამეულს ნორვეგია, ფინეთი და შვედეთი იკავებენ.

ბოლო, 180-ე ადგილზე ერიტრეაა, 179-ზე ჩრდილოეთ კორეა, 178-ზე თურქმენეთი, ხოლო 177-ე ადგილს ჩინეთი იკავებს. 

პრესის თავისუფლებით, რუსეთი 150-ე ადგილზეა. 

ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველო მე-60 ადგილს იკავებს. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც, მედია თავისუფლების მხრივ, პრობლემატური სიტუაციაა. 

სამეზობლოდან აზერბაიჯანი 167-ზე, თურქეთი 153-ზე, სომხეთი კი 63-ე ადგილზეა. 

პრესის თავისუფლების ინდექსი.  წყარო: Statista

 

კომენტარები