პოლიტიკური კრიზისი

აშშ დანარჩენ ოპოზიციას შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს

ნედ პრაისი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ მიესალმება საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის 19 აპრილის შეთანხმებას და დანარჩენ პარტიებს შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს.

"ეს შეთანხმება შედგა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ პრეზიდენტ მიშელის მედიაციის ეგიდით და ეს ყველა მხარისგან რთულ კომპრომისებზე წასვლას მოითხოვდა. რაც მთავარია, ეს მოითხოვდა პოლიტიკურ გამბედაობას და თავდადებას ქართველი ხალხისთვის, რომ გააგრძელონ რთული სამუშაო, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და კანონის უზენაესობის გაძლიერება. ეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი პროგრესის ნიშანია.

მისი აღსრულება თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება და ჩვენ პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებს და დანარჩენ პარტიებს ვეპატიჟებით, რომ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომ საქართველოს ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა შეძლოს ერთად მუშაობის დაწყება იმ აქტუალურ საკითხებზე, რაც საქართველოს წინაშე დგას. აშშ მზადაა, დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ის, რომ ეს შეთანხმება მიაღწევს მის მისწრაფებებს და როგორც ყოველთვის, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროატლანტიკური ქვეყნების ოჯახში სრული ინტეგრაციის გზაზე". – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე.


ოპოზიციური პარტიებიდან შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა და ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ. დღეს, 20 აპრილს, დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპული საქართველოს სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა და შალვა შავგულიძემ.

შეთანხმების დოკუმენტს ხელი ასევე მოაწერეს გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა და ევროპელმა სოციალიტებმა (დავით ზილფიმიანი).

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

დოკუმენტს ხელს არ აწერს ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი ელენე ხოშტარია

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები