საგარეო ვალი

საქართველომ ლონდონის ბირჟაზე $500-მილიონიანი ობლიგაციების მოთხოვნა განათავსა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, საქართველოს სახელით $500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების განთავსებაზე განაცხადი გამოქვეყნდა – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 12 აპრილს, საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციის ძირი თანხის, $500 მილიონი დოლარის დაფარვის უკანასკნელი დღე იყო და საგარეო ვალის დაფარვის მიზნით, საქართველოს მთავრობა რეფინანსირების სახით ახალი $500-მილიონიანი ევროობლიგაციების განთავსებას გეგმავდა. 

სამინისტროს მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, შერჩეულ საერთაშორისო და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებთან (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard, TBC Capital და Galt & Taggart), იურიდიულ მრჩევლებთან (Backer & McKenzie და BLC) და საერთაშორისო ფისკალურ აგენტთან (Citi) ერთად, დაასრულა ევრობონდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებისთვის მოსამზადებელი ეტაპი.

განცხადების თანახმად, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ევრობონდებზე დაფიქსირდება მნიშვნელოვნად დაბალი საპროცენტო განაკვეთი 2011 წელს გამოშვებულ ევრობონდებთან შედარებით, რომელიც შეადგენდა 6.875%-ს.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლიდან მოყოლებული, ევროობლიგაციების საპროცენტო მომსახურებისთვის საქართველო წლიურად $34.5 მილიონ დოლარს იხდიდა. ათი წლის განმავლობაში კი თითქმის $345 მილიონი დოლარი გადაიხადა, ანუ $500 მილიონიანი ვალის მხოლოდ გადავადების მიზნით, ქვეყანამ $345 მილიონი გადაიხადა.  

კომენტარები