აფგან მუხთარლის საქმე

"მოვისმენ, რაც სახალხო დამცველისთვის აქვს სათქმელი" – ლომჯარია აფგან მუხთარლის შეხვდება

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია  აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის პირადად შეხვდება. ლომჯარიას თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და წლებია უკვე, სახალხო დამცველის ანგარიშებშიც ხვდება.

"საქმე, რომელიც არაა გამოძიებული და დასრულებული, ესაა საქმე, რომელსაც ჰქონდა და აქვს უზარმაზარი საერთაშორისო რეზონანსი, შესაბამისად მე ვგეგმავ, პირადად შევხვდე აფგან მუხთარლის და მისგან მოვისმინო უშუალოდ ის სათქმელი, რაც აქვს სახალხო დამცველისთვის". – ამბობს ნინო ლომჯარია.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დღეს გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა. უწყებიდან გამოსულმა ჟურნალისტებთან საუბარისას თქვა, რომ მას პროკურატურაში თურქული ენის თარჯიმანი დაახვედრეს. მისივე ინფორმაციით, პროკურატურაში დაკითხვა ხვალამდე გადაიდო.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი გატაცების შემდეგ ქვეყანაში პირველად 2021 წლის 7 აპრილს შემოუშვეს. როგორც მუხთარლის ადვოკატი ამბობს, მუხთარლის საქართველოში ჩამოსვლა მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.  

თავად აფგან მუხრთალის თქმით, მისი გატაცება "აზერბაიჯანული მხარის შეკვეთა იყო, ივანიშვილმაც და კვირიკაშვილმაც [იცოდნენ]".

გატაცების მიზეზად ჟურნალისტი თავის საქმიანობას და ილჰამ ალიევის ბიზნესის შესახებ გამოძიებას ასახელებს. 

მუხთარლის აზრით, აზერბაიჯანის ხელისუფლება თავის რეპუტაციაზე არ ფიქრობს, ხოლო ქართული მხრიდან მისი გატაცების დაშვება "ძალიან ცუდი მოვლენა" იყო. ჟურნალისტი იხსენებს, რომ მის გამტაცებლებს კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვათ, ტელეფონზე საუბრისას ქართულად ლაპარაკობდნენ და გატაცებისას სცემეს. მუხთარლი ამბობს, რომ გამტაცებლები ან მათი ფოტოები რომ ნახოს, იცნობს მათ.

თბილისიდან 2017 წლის მაისში გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად გასული წლის 9 ოქტომბერს უნდა ჩამოსულიყო. თუმცა, 9 ოქტომბერს ჟურნალისტმა Facebook-ზე დაწერა, რომ ბერლინის აეროპორტიდან საქართველოს მიმართულებით გამოფრენის საშუალებას არ აძლევდნენ და რომ მას საქართველოს ავიახაზები და საკონსულო უქმნიდნენ დაბრკოლებას. 

აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანში ხელისუფლების კრიტიკის გამო დევნიდნენ, საქართველოს თავი 2015 წელს ცოლთან ერთად შეაფარა. მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მანამდე, სანამ 2017 წლის 29 მაისს სახლიდან გასულ აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან მოიტაცებდნენ. გატაცებიდან მეორე დღეს ის ბაქოში დაკავებული აღმოჩნდა, ისე, რომ მას პასპორტი სახლში ჰქონდა დატოვებული. 

მუხთარლი აზერბაიჯანის ციხიდან მარტში გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის ცოლთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. იმავე პერიოდში ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ ბაქოში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მას უთხრა, რომ მისი გატაცებისთვის ქართულ მხარეს $3 000 000 გადაუხადეს.

კომენტარები