დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

პუტინმა და მერკელმა აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბული მდგომარეობა ტელეფონით განიხილეს

ანგელა მერკელი და ვლადიმერ პუტინი

ანგელა მერკელსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ლიდერების პრესსამსახურები ავრცელებენ. პუტინმა და მერკელმა აღმოსაველეთ უკრაინაში მზარდი დაძაბულობის საკითხზე ისაუბრეს.

ანგელა მერკელის პრესსამსახურის ცნობით, კანცლერმა რუსულ მხარეს მდგომარეობის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

"განხილულ საკითხებს შორის იყო აღმოსავლეთ უკრაინის ახლოს გაზრდილი რუსული სამხედრო აქტივობა. კანცლერმა სიტუაციის დეესკალაციისთვის [რუსეთს] მოუწოდა ამ სამხედრო შენაერთების გაყვანა." - ნათქვამია მერკელის პრესსამსახურის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ლიდერებმა ასევე განიხილეს სირიის, ლიბიის, ბოსნია ჰერცეგოვინის საკითხები და ალექსეი ნავალნის საქმე.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმირ პუტინმა "ყურადღება მიაქცია კიევის პროვოკაციულ ქმედებებს" და ხაზი გაუსვა კიევის მიერ შეთანხმებების შესრულების აუცილებლობას.

"ვლადიმირ პუტინმა ყურადღება მიაქცია კიევის პროვოკაციულ ქმედებებს, რომლებიც ბოლო დროს მიზანმიმართულად ამწვავებს მდგომარეობას კონტაქტის ხაზზე. ხაზი გაესვა კიევის ხელისუფლების მიერ მანამდე მიღწეული შეთანხმებების შესრულების აუცილებლობას, უპირველეს ყოვლისა დონეცკთან და ლუგანსკთან პირდაპირი დიალოგის და დონბასის განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსის გაფორმების საკითხებში" - ნათქვამია პუტინის პრესსამსახურის განცხადებაში.

აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობას მანამდე გერმანია და საფრანგეთი ერთობლივი განცხადებით  გამოეხმაურნენ. ქვეყნებმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოხატეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანია და საფრანგეთი ყურადღებით აკვირდებიან მდგომარეობას და რუსეთის ჯარის გადაადგილებას, თუმცა გერმანია-საფრანგეთი თავშეკავებისკენ მოუწოდებს "ყველა მხარეს".


აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრანელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინაული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგია. უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ანგარიშის თანახმად, 2 აპრილს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 1 021 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 511 აფეთქება. ეუთოს ანგარიშების მიხედვით, ეს ბოლო ერთი თვის მანძილზე აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევაა. შეთანხმების სისტემატური დარღვევის ფონზე აქტიურად ვრცელდება სხვადასხვა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები.

უკრაინის შეაიარაღებული ძალების მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ, ბრიანსკის, ვორონეჟის რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმში დამატებით ბატალიონებს, ტაქტიკურ ჯგუფებს გზავნის. ხომჩაკი ამბობს, რომ სამხედრო აქტივობას რუსეთი წვრთნების, “დასავლეთი 2021”-სთვის მზადებით ამართლებს. მთავარსარდლის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებთან 28 ტაქტიკური ჯგუფია განლაგებული და უკრაინის სამხედრო ძალების შეფასებით, რუსეთი გეგმავს საზღვართან დამატებით 25 ბატალიონის გადასროლას.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ფაქტობრივად დაადასტურა უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზება. პესკოვის თქმით, "რუსეთი თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს სამხედრო ძალების გადაადგილებას თავისი ტერიტორიის ფარგლებში, ეს არავის უნდა აწუხებდეს და არ წარმოადგენს არავისთვის საფრთხეს". პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ სამხედრო ძალებს "არასოდეს არ მიუღიათ და არ იღებენ მონაწილეობას" დონბასის კონფლიქტში. მისი თქმით, კრემლს არ სურს, რომ "ომი კვლავ გააქტიურდეს უკრაინის პროვოკაციების შედეგად". პესკოვმა ასევე გამოთქვა შიში, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვანს საქმეს.

5 აპრილს სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ხოლო ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა ნატოა.

დაძაბულობის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციასა და უკრაინის მთავრობის წევრებს შორის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა.  2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც. ყველა ოფიციალურ საუბარში აშშ თავის აქტიურ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას.

კომენტარები