ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

როგორ ხედავს რუსული არხი Дождь-ის მთავარი რედაქტორი პოზნერის ვიზიტს

თბილისში ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს რუსული არხი Дождь-ის მთავარი რედაქტორი, ტიხონ ძიადკო, სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოეხმაურა. პოზნერის ვიზიტის დღეს ძიადკოც, თავის ოჯახთან ერთად, თბილისში იმყოფებოდა, როგორც ტურისტი.

"გუშინ აეროპორტში გადაღებული ფოტო გამოვაქვეყნე და დავწერე, რომ თბილისში მივფრინავდით, დღეს კი რამდენიმე კითხვა მივიღე, მივფრინავდით თუ არა "იმ რეისით", ვლადიმირ პოზნერთან ერთად და ვიყავით თუ არა მისი წვეულების სტუმრები.

[მასთან ერთად] არ მივფრინავდით. ჩვენ ვნუკოვოს აეროპორტიდან ერევანში ჩავფრინდით, იქიდან კი თბილისში. გაგვიკვირდა, როდესაც აეროპორტის განრიგში თბილისში მიმავალი პირდაპირი რეისი დავინახეთ. პირდაპირი რეისები უკვე თითქმის 2 წელია, რაც აღარ არის. თუ ხალხს ჩარტერული რეისისთვის ფულის გადახდა შეუძლიათ, ძალიან კარგი, მეც ასე ვიზამდი, რომ შემეძლოს. მაგრამ, რაც შემდეგ მოხდა, რბილად რომ ვთქვა, მიუღებელია. 

თუკი ვინმემ არ იცის, თბილისში ცხრა საათიდან კომენდანტის საათი იწყება. ეს ნიშნავს რომ ყველაფერი დახურულია, ადამიანები და მანქანები ქუჩებში თითქმის არ დადიან, მაღაზიები, რესტორნები, აფთიაქები და ყველაფერი სხვა, დახურულია. დარღვევისთვის 600-დოლარიანი ჯარიმაა. გამონაკლისი მხოლოდ მათთვის არსებობს, ვისაც სპეციალური საშვი აქვს. ეს ადამიანთა არც თუ ისე დიდი ჯგუფია, ისე კი არაა, გაზაფხულზე მოსკოვში როგორც იყო. ხალხი ამით ძალიან დაიღალა, ამ შეზღუდვებზე დამოკიდებულად ყოფნა ძალიან ძნელია.

და აი ამ ფონზე, თბილისში წვეულებისთვის ეშვება ჩარტერული რეისი. როგორც ჰყვებიან, მოვლენები ასე განვითარდა. თვითმფრინავი დაახლოებით რვა საათზე ეშვება. ყველა სტუმარს ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე, მთავრობის დახმარებით, საშვებს უკეთებს. ყველა მათგანი ავტობუსით სასტუმრო სტამბაში მიჰყავთ. აქედან, როცა უკვე კომენდანტის საათი იწყება, ისინი სასტუმრო Vinotel-ში მიჰყავთ სავახშმოდ, თანაც, მათ პროცესიას წინ პოლიციის მანქანა მიუძღვის მოციმციმე შუქებით. აქ უკვე ის ხდება, რაც მოხდა - მიტინგი, კვერცხების სროლა და გინება.

რა თქმა უნდა, ადამიანებისთვის კვერცხების დაშენა და გინება არც თუ ისე კარგი რამეა. მაგრამ საკუთარი განცხადებით აფხაზეთის შესახებ ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიაზე შეხება, შემდეგ კი ამ ქვეყანაში ისე ჩასვლა, თითქოს არაფერი მომხდარა, ბევრად უფრო უარესია. მზად უნდა იყო იმისთვის, რომ საზოგადოების ნაწილი ამ საკითხის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოსთვის ეს ისტორია ეხება ათასობით დაღუპულსა და 250 ათას დევნილს. შენი ვიზიტის ასეთი სახით მოწყობა კი, ისე გამოდის, თითქოს დიდი ქვეყნიდან პოლიციის დახმარებით კოლონიზატორები ჩამოვიდნენ, რათა კარგი დრო ატარონ, სანამ აბორიგენები სახლში სხედან და მაღაზიაში გასვლაც არ შეუძლიათ. ეს უკვე უბრალოდ ცუდი რამ კი არა, ძალიან სამარცხვინო ისტორიაა". - დაწერა Facebook-ზე Дождь-ის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ. 

 

 

კომენტარები