ინდო-წყნარი ოკეანეთი

ჩინეთთან დაძაბულობის ფონზე ბაიდენი ქუადის ლიდერებთან შეხვედრას გამართავს – CNN

მალაბარის წვრთნები. 2020 წლის ნოემბერი. 
CNN

აშშ-ს, იაპონიის, ინდოეთისა და ავსტრალიის ლიდერები მიმდინარე კვირაში ონლაინ სამიტს გამართავენ - ამის შესახებ ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქუადის (QUAD/ოთხმხრივი უშიშროების დიალოგის) ლიდერები შეხვედრას გამართავენ. 

"დადასტურებულია, რომ ქუადის შეხვედრა მალე გაიმართება, სავარაუდოდ, პარასკევს". – CNN წყაროს ციტირებს.

ამასთან ერთად, 14 მარტიდან 18 მარტის ჩათვლით აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ეწვევიან იაპონიას და სამხრეთ კორეას. ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ ეს იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლების პირველი საერთაშორისო ვიზიტი. 

ასევე, 8 მარტს იაპონიის პრემიერმინისტრის, იოშიქიჰე სუგას კაბინეტის მთავარმა მდივანმა, კაცუნობო კატომ თქვა, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობს გათვალისწინებით იოშიჰიდე სუგა თეთრ სახლს "რაც შეიძლება მალე ეწვევა". მას თარიღი და სხვა დეტალი არ გაუმჟღავნებია. 

ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, იოშიჰიდე სუგა იქნება პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს თეთრ სახლს ეწვევა. 

გასულ კვირას ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა, განაცხადა, რომ ქუადი რეგიონის შესახებ აშშ-სა და ავსტრალიისთვის ცენტრალური ნაწილია. 

"ეს ინდო-წყნარი ოკეანეთის ჩართულობის ნაწილი იქნება. მაგრამ, ეს არ იქნება დიდი ბიუროკრატია დიდი სამდივნოთი და მსგავსი რამეებით. ეს იქნება ოთხი ლიდერი, ოთხი ქვეყანა, რომლებიც ერთად და კონსტრუქციულად მუშაობენ ინდო-წყნარი ოკეანეთის მშვიდობისთვის, კეთილდღეობისთვის და სტაბილურობისთვის, რაც კარგია ყველასთვის ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონში". – აღნიშნა მორისონმა

2020 წლის ნოემბერში ავსტრალია შეუერთდა მალაბარის წვრთნებს აშშ-სთან, იაპონიასთან და ინდოეთთან. წვრთნები, რომელიც 1992 წლიდან ტარდება გასულ წლებში გაიზარდა და მეტად კომპლექსური გახდა. ავსტრალიის მონაწილეობით 2007 წლის შემდეგ პირველად ქუადის ოთხივე წევრი ჩართული იყო სამხედრო წვრთნებში. 

ჩინეთისგან მომავალ მზარდ საფრთხესთან ერთად, ბოლო დროს, სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ სამომავლოდ შორეულ აღმოსავლეთში აშშ-ს ლიდერობით NATO-ს მსგავსი ალიანსის შექმნაზე.

ჩინეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც გასული წლის 15 ივნისს, გალვანის ხეობაში, ინდოეთისა და ჩინეთის სადავო საზღვარზე დაპირისპირება მოხდა, რასაც 20 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა და 76 დაშავდა.

ასევე, ავსტრალიასა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაძაბულია მას შემდეგ, რაც გასულ წელს ავსტრალიამ კორონავირუსის გავრცელების წყაროს შესახებ საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა, ტაივანს ჯანმო-ში მხარდაჭერა გამოუცხადა, რამაც პეკინის აღშფოთება გამოიწვია. მალევე ჩინეთმა ავსტრალიიდან საქონლის ხორცის იმპორტი აკრძალა და ავსტრალიურ ქერზე ტარიფები დააწესა. მაისში პეკინმა ჩინელ ტურისტებს მოუწოდა, რომ ავსტრალიაში გამგზავრებისგან თავი შეეკავებინათ. 9 ივნისს ჩინეთის განათლების სამინისტრომ ჩინელი სტუდენტებისთვის მსგავსი გაფრთხილება გამოსცა ავსტრალიაში სწავლის შესახებ.

რაც შეეხება იაპონიას, აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში იაპონიასა და ჩინეთს შორის ტერიტორიული დავები წლებია მიმდინარეობს. 2019 წელს ჩინეთის საპატრულო გემები რამდენჯერმე იაპონიის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ. ამავე წლის ივნისში იაპონიამ სენკაუს კუნძულებთან ჩინეთის კვლევით გემთან საეჭვო სამხედრო აქტივობა შენიშნა.

5 მარტს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ს ურთიერთობა ჩინეთთან საუკუნის "უდიდესი გეოპოლიტიკური ტესტია" მსოფლიოში.

მან განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანა აშშ-სთვის სერიოზული გამოწვევაა, მათ შორისაა რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა,  თუმცა, მისივე თქმით, ჩინეთის გამოწვევა განსხვავებულია. 

"ჩინეთი არის ერთადერთი ქვეყანა ეკონომიკური, დიპლომატიური, სამხედრო ძალით, რომელიც სერიოზული გამოწვევაა სტაბილური და ღია საერთაშორისო სისტემისთვის - ყველა წესისთვის, ღირებულებისა და ურთიერთობისთვის, რითაც მსოფლიო ისეა მოწყობილი, როგორც გვინდა" - თქვა მან. ჩინეთი ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ცენტრალური ნაწილია .

ბოლო პერიოდში ჩინეთისა და აშშ-ს ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მეტად გაუარესდა არამხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ სავაჭრო ომის, ჰონგ-კონგის, ტაივანის, ჩინეთის სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო და სხვა.

11 თებერვალს აშშ-ს ახალ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ჩინეთის ლიდერს, სი ძინფინგს შორის პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა. თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, ბაიდენმა მასთან საუბარში სინძიანგის პროვინციაში ადამიანის უფლებების დარღვევების საკითხი წამოსწია. მან ასევე ილაპარაკა ჰონგ-კონგზე, ტაივანზე და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებზე. ამასთან ერთად, სატელეფონო საუბარში ბაიდენმა სი ძინფინგს უთხრა, რომ ჩინეთთან ითანამშრომლებს, როდესაც ეს ამერიკელი ხალხისათვის სარგებლის მომტანი იქნება.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 24 ნოემბერს საგარეო პოლიტიკის გუნდის წარდგენისას ბაიდენმა თქვა, რომ მსოფლიო ლიდერები ელიან, რომ "აშშ-მ ხელახლა დაამტკიცოს გლობალური ლიდერის ისტორიული როლი, როგორც წყნარ ოკეანეში, ასევე ატლანტის [ოკეანეში] და მთელ მსოფლიოში". ჩინეთს სურს, რომ დომინანტი ძალა თავად იყოს სწორედ წყნარი ოკეანის რეგიონში.

კომენტარები