ჩანაწერები

ბოკერია: ჟურნალისტის საქმიანობისას მიღებული მასალის აკრძალვა სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც უკანონო ჩანაწერების მოპოვება დანაშაულია და სასამართლოს სიუჟეტის ეთერში გასვლის აკრძალვა შეუძლია. 

ბოკერიას თქმით, ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად მოპოვებული მასალების გამოქვეყნების აკრძალვა სრულიად დაუშვებელია.

"პირადად მე და ევროპულ საქართველოს გვაქვს იგივე ოპოზიცია, ძალიან საზიანოდ მიგვაჩნია ზოგადად იმ ტიპის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, რომელთა კანონიერი წყარო ცნობილი არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების რეაქცია ამ ჩანაწერებზე, სუბარის განცხადება, სრულიად უტიფარი განცხადება. ის მოითხოვს, ან მოელის ამის დაგმობას სახალხო დამცველისა თუ სხვებისგან. უფრო მეტიც, ამბობს, სასამართლოს აქვს ამის გამოქვეყნების აკრძალვის უფლებაო

ჩვენი კანონი სიტყვის თავისუფლების შესახებ, კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები ძალიან მკაფიოს ხდის, რომ ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად მოპოვებული მასალების გამო მისი გამოქვეყნების აკრძალვა არის სრულიად დაუშვებელი და არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, არანაირი საფუძველი არ არსებობის ამის". – ამბობს გიგა ბოკერიამ. 

ბოკერიას თქმით, უტიფრობა და ფარისევლობაა ხელისუფლების აღშფოთება, რადგან ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური კარიერა ფარული ჩანაწერების გზით ააწყო. სოზარ სუბარის ამგვარ განცხადებას ბოკერია მუქარას უწოდებს. 

5 მარტს TV პირველის ეთერში გავიდა ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის ანონსი, სადაც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერია. 

სოზარ სუბარის თქმით, ეს დანაშაულია და სასამართლოს სიუჟეტის ეთერში გასვლის აკრძალვა შეუძლია. მისივე თქმით, კარგი იქნება, რომ ამ ფაქტზე სახალხო დამცველმა გამოთქვას თავისი პოზიცია.

კომენტარები