ვადამდელი არჩევნები

პრემიერმა მიშელთან შეხვედრის მერე ვადამდელზე კითხვას არ უპასუხა, მე-2 დღეს წითელი ხაზი უწოდა

facebook.com/GaribashviliOfficial

"წითელი ხაზია, ეს საკითხი არ განიხილება". - განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვადამდელი არჩევნების შესახებ 2 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც უცხოელმა მედიატორმა ქვეყანა დატოვა. მისი მტკიცებით, შეხვედრაზევე თქვა, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს.

წინა დღეს კი, შარლ მიშელთან ირაკლი ღარიბაშვილის და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა საერთოდ არ უპასუხა ვადამდელი არჩევნების შესახებ დასმულ კითხვას. აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ 6-პუნქტიან ჩარჩოში ერთერთი სწორედ პოტენციური ვადამდელი არჩევნებია.


შარლ მიშელთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გუშინ, 1 მარტს გაიმართა. ლიდერების თქმით, შეხვედრაზე მხარეებს შორის დიალოგი განახლდა და მოლაპარაკების მაგიდაზე არსებულ პუნქტებს კიდევ 2, მართლმსაჯულებასა და ძალაუფლების დანაწილების შესახებ პუნქტები დაემატა. დიალოგის მთავარ საგნად კვლავ რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა.  

ტაბულასთვის ცნობილი გახდა, რა წერია შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ 6-პუნქტიან ჩარჩოში:

1. ამბიციური საარჩევნო რეფორმა

  • საქართველოში დემოკრატიის ღრმა კონსოლიდაციისთვის

2. ​კანონის უზენაესობა / სამართლის რეფორმა

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით კითხვები

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

  • რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებლად

3. პოლიტიკური მართლმსაჯულება / პატიმრების საკითხი

4. ძალის გადანაწილება პარლამენტში

  • საგამოძიებო კომისია

  • პარლამენტში როლებისა და პასუხისმგებლობების სამართლიანი განაწილება

5. პოტენციური ვადამდელი არჩევნები / მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

6. ფასილიტაციის / მედიაციის გაგრძელება და განხილვა 2021 წლის მარტში.

კომენტარები