სააპელაციო სასამართლო

TI: სააპელაციო სასამართლომ, ფაქტობრივად, აკრძალა სასამართლოს გადაწყვეტილებების შეფასება

EMC

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ორგანიზაციის ერთ-ერთი საქმის წინააღმდეგ იმდენად დაუსაბუთებელია, რომ კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე და საფრთხეს უქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ აქამდე დადგენილ მაღალ სტანდარტს. 

"2018 წლის 5 ივლისს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია შეფასებული. კვლევის ერთ-ერთ მიმართულებას იმ კონკრეტული საქმეების ანალიზი წარმოადგენდა, რომლებშიც, ორგანიზაციამ შესაძლო კორუფციის რისკები დაინახა. ანგარიშში ერთ-ერთ ასეთ საქმედ  შპს "აკა"-ს პარტნიორებსა (მაკა ასათიანი, ლუიზა თავართქილაძე, სალომე ასათიანი) და დავით ძოწენიძეს შორის არსებული სასამართლო დავაა განხილული.

შპს "აკას" პარტნიორებმა სასამართლოს სარჩელით მიმართეს. მოსარჩელეებმა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ ანგარიშში გამოთქმული ამ შეფასებების: "[...] ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო 2016 წელს დავის განახლების პროცესი კითხვებს აჩენს მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე", ცილისმწამებლურად აღიარება მოითხოვეს". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

სასამართლომ ცილისწამებად მიიჩნია კვლევაში გაკეთებული ის შეფასება, რომელიც შპს "აკას" საქმეში სასამართლო გადაწყვეტილებაში დადგენილ ფაქტებს ეყრდნობოდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 1 თვის ვადაში  ორგანიზაციის  ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება დაევალა.

საქმის დეტალები, რომლებიც TI-მ შეისწავლა და რომელზე მსჯელობაც ცილისწამებად იქნა მიჩნეული:

  • შპს "აკას" პარტნიორებსა და დავით ძოწენიძეს შორის 2012  წელს სასამართლოში დასრულებული დავა 2016 წელს ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძვლით განახლდა. საქმე ასათიანების ოჯახის მიერ იმ დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე განახლდა, რომელიც დასრულებულ საქმეში უკვე ფიგურირებდა. ჩვენთვის გაუგებარი იყო, რატომ განაახლა მოსამართლემ საქმე ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო ისეთი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც საქმისთვის ახალ მტკიცებულებას არ წარმოადგენდა.  აღნიშნული შემთხვევა ცალსახად ეწინააღმდეგება კანონს და დადგენილ  სასამართლო პრაქტიკას.  სწორედ, ამ გარემოებების  გამო გამოითქვა ეჭვები მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელების თაობაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მხრიდან და სწორედ ეს მსჯელობა მიიჩნია თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცილისწამებად.

"აღნიშნული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად აკრძალა ფაქტებზე დაყრდნობით  ნებისმიერი პირის, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებების შეფასება და მათზე მოსაზრებების გამოთქმა. თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა,  გართულდება სასამართლოში სისტემური ხარვეზებისა და მიმდინარე ტენდენციების შესახებ კვლევების ჩატარება, მკვეთრად გაუარესდება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტი და უფლებადამცველ ორგანიზაციებს შეეზღუდებათ თავიანთი ფუნდამენტური, მაკონტროლებელი ფუნქციის შესრულება, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდეგება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ მიღებული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა". – აცხადებენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში. 

ორგანიზაციის ცნობით, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი ბუნდოვანი არგუმენტაცია და პროცედურული დარღვევები, წარმოშობს კითხვებს დავის ობიექტურ განხილვასთან დაკავშირებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ  ამ გადაწყვეტილების ძალაში დარჩენის შემთხვევაში, მკვეთრად გაუარესდება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტი. საქმეს გენადი მაკარიძე, მერაბ ლომიძე და შორენა წიქარიძე განიხილავდნენ. მათგან გენადი მაკარიძე და მერაბ ლომიძე, დღეის მდგომარეობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან.

კომენტარები